მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკი - EBA-ს და USAID-ის ახალგაზრდული პროექტი

628c934ee4943
ვიქტორია მღებრიშვილი
24.05.22 12:10
1053
ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან თანამშრომლობით, ფართო მასშტაბის ახალგაზრდულ პროექტს - „ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკს“ ახორციელებს. ინფორმაციას პროგრამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ავრცელებს.

„ბანაკის მიზანი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და თანამედროვე პროფესიების გაცნობაა, რომლებიც რეფორმების შედეგად ჩნდება და დასაქმების ფართო შესაძლებლობებს წარმოშობს. მაგალითად: შრომის უსაფრთხოების ოფიცერი, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი და ა.შ.

დამატებით, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პრაქტიკული ცოდნა ქვეყანაში მოქმედი წამყვანი ევროპული კომპანიების ხელმძღვანელებისგან და განივითარონ საქმიანი უნარ-ჩვევები, რომლებიც შემდგომ მათ წარმატებულ დასაქმებას შეუწყობს ხელს. პროექტში მონაწილეობის საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების 100-მდე სტუდენტი იღებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკის“ სასწავლო კურსი 11 მოდულისგან შედგება:

•ლიდერობა და ბიზნესის მართვის ზოგადი პრინციპები;
•გადახდისუუნარობის რეფორმა;
•ბიზნესის მართვა კრიზისულ პერიოდში;
•სახელმწიფო შესყიდვების რეფორმა;
•კომპანიის კორპორატიული გაყიდვები და ბიზნეს განვითარება;
•ელექტრონული ვაჭრობის (ელ-კომერციის) რეფორმა;
•ციფრული ბიზნესის პრინციპები;
•საგადასახადო რეფორმა;
•ფინანსური აღრიცხვის და მენეჯმენტის პრინციპები;
•კაპიტალის ბაზრის რეფორმა - ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობები;
•კაპიტალის ბაზარი, ქრაუდფანდინგი, სეკურიტიზაცია.

თეორიულ სესიებს გაუძღვებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები გაუძღვებიან, პრაქტიკულ სესიებს კი წამყვანი ბიზნეს კომპანიების/ორგანიზაციების წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ.

აღსანიშნია, რომ კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცემათ. წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურებადი სტაჟირება ევროპულ ბიზნეს ასოციაციასა და ასოციაციის წევრ კომპანიებში გაიარონ.

სტაჟიორების შერჩევა მათ მიერ კურსის მიმდინარეობისას გამოჩენილი აქტიურობისა და ფინალური ჯგუფური პროექტის შეფასების შედეგად მოხდება.

წარმატებული კურსდამთავრებულები ევროპული ბიზნეს ასოციაციის ახალგაზრდულ ფრთას - EBAYouth შეუერთდებიან, რითაც საჯარო-კერძო დიალოგის გზით არაერთი პროექტის თუ ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობა და რეფორმების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.

„ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკი“ ხორციელდება ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.