მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნით თბილისის მერიაში 500-მდე განაცხადი შევიდა

5e8af6e463c46
სალომე მეცხვარიშვილი
07.04.20 09:20
1392
ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნით თბილისის მერიაში 500-მდე განაცხადი შევიდა, - ამის შესახებ BM.GE-ის დედაქალაქის მუნიციპალიტეტში განუცხადეს.

როგორც მერიაში ამბობენ, საუბარია დეველოპერულ კომპანიებსა და იმ პირებზე, რომლებიც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებენ.

იმისთვის, რომ კერძო სექტორმა საგანგებო სიტუაციისა და კარანტინის პირობებში ოპერირების გაგრძელება შეძლოს, ეკონომიკის სამინისტროს ან თბილისის მუნიციპალიტეტს უნდა მიმართონ და სპეციალური აპლიკაცია შეავსონ.

კომპანიების წარმომადგენლებმა შევსებულ განცხადებასა და სარეგისტრაციო ფორმაში, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს გადაუგზავნიან, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პროექტის გასაგრძელებლად საჭირო დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე, კომპანიის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულება - დასაქმებულთა ტრანსპორტირება, დეზინფექციის შესრულების სიხშირე და მასშტაბი, კვების ორგანიზების საკითხი, თერმოსკრინინგსისა და კომპანიის მიერ გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ ინფრომაცია უნდა წარადგინონ.

სარეგისტრაციო ფორმის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონულ განაცხადში მითითებულ ობიექტებს შეამოწმებს, ხოლო შემოწმების შემდეგ, აღნიშნულ სუბიექტებზე მშენებლობის გაგრძელების უფლების მინიჭების მიზნით, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან უშუამდგომლებს.

გაცხადებული პირობებისა და აღებული ვალდებულებების შესრულება-დაცვაზე კონტროლს მუნიციპალიტეტის მერიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ. იმ შემთხვევაში, თუ წესებისა და რეკომენდაციების დარღვევის ფაქტი გამოვლინდება, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამო ბიზნესის დიდი ნაწილი დახურულია ან დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. 

მთავრობის 211-ე დადგენილებით, გამოქვეყნდა სექტორებისა და კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ ეზღუდებათ საქმიანობა (https://bit.ly/34iGi9C) ეკონომიკური საქმიანობის უწყვეტად გაგრძელება შეუძლიათ იმ კომპანიებსაც, რომლებიც სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ.