მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში როცა ასეთი ვარდნაა, უნდა განმარტონ, რა მოხდა - ეკონომისტი

620d054f36cb2
მარიამ ვარადაშვილი
16.02.22 19:14
1083

The Heritage Foundation-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ 14 პოზიციით დაიხია უკან და 26-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. ასეთი მკვეთრი ვარდნა საქართველოს არცერთი წლის ინდექსში არ ჰქონია. ყველაზე დიდი 27-ქულიანი ვარდნა საქართველოს ფისკალური სიჯანსაღის კომპონენტში ჰქონდა, რაც გაზრდილ ვალს და საბიუჯეტო დეფიციტს უკავშირდება.

ეკონომისტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ გაუარესებული მაჩვენებლითაც კი საქართველო, ჯერჯერობით, ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნად რჩება, მაგრამ მისი აზრით, როცა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ასეთი ვარდნა აქვს ქვეყანას, მთავრობა ვალდებულია მიზეზები განმარტოს.

“ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ამ ინდექსშია მოცემული, დაკავშირებულია მთავრობის მცდელობასთან ბიზნესს საკუთარი ინტერესები თავს მოახვიოს. აქ იგულისხმება როგორც ელიტარული კორუფცია, ასევე სასამართლოს საკითხი და რეგულაციები. პოზიტიური ნაწილიდან ალბათ ხაზგასასმელია, რომ ჯერ კიდევ დაბალია საგადასახადო ტვირთი სხვა ქვეყნებთან შედარებით. ასევე დადებითად აქვთ შეფასებული საგარეო ვაჭრობის ინდიკატორი. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აქვს ბევრ ქვეყანასთან და ღია ბაზარი გვაქვს. ამასთან, პანდემიის მიუხედავად, საგარეო ვაჭრობა პრინციპში არ შეფერხებულა. თუ ისტროიულ ჭრილში შევხედავთ, მცდელობა რომ ეკონომიკურად თავისუფალი და ღია ქვეყანა ვიყოთ, ჯერჯერობით, გადახედილი არ არის”, - აცხადებს პაატა შეშელიძე.

BMG-სთან საუბარში მან მან აქცენტი FDI-ის საკითხზე ანგარიშში არსებულ ჩანაწერზეც გააკეთა.

“ინდექსში ხაზგასმულია ისიც, რომ უცხოელ ინვესტორებთან დაკავშირებული საკითხი ცოტა ბუნდოვანია - ასე წერენ. როგორც ჩანს, ხედავენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში პოლიტიკური კვოტის გარეშე რთულად შემოდის, ხოლო თუ შემოდის მთავრობასთან უნდა იყო გარიგებული, რათა განვითარების საშუალება მოგეცეს. ვიმეორებ, ჯერჯერობით, ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით, ვრჩებით მეტად თავისუფალ ქვეყნებში, მაგრამ თითქმის ბოლოსკენ ჩამოვჩოჩდით. კერძოდ, თუ ვიყავით ათეულში, ახლა ოცდაათისკენ ვართ, ამიტომ ეს უკვე საგანგაშოა. ჩემი აზრით, ამ ინდექსში ასეთი რადიკალური ცვლილება უნდა იწვევდეს გარკვეულ რეაქციებს, ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს და თქვას, რა მოხდა და როდის შეიძლება ამის გამოსწორება”, - ამბობს შეშელიძე.