მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა - რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა

63f729e123b16
გიორგი თოლორდავა
23.02.23 15:00
851

გასული 2022 წელი რეგიონის სახელმწიფოებისთვის გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა, პანდემიის დასრულებისა და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების ფონზე, ეკონომიკური ვითარება კარდინალურად შეიცვალა: რუსეთის ეკონომიკა შემცირდა, თურქეთში რეკორდული ინფლაციაა, აზერბაიჯანის საბიუჯეტო შემოსავლები იზრდება, სომხეთსა და საქართველოს კი - ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვთ.


რუსეთი:  

მიმდინარე კვირას რუსეთის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის წინასწარი მონაცემები გაასაჯაროვა. ოფიციალური უწყების შეფასებით, გასულ 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 2.1%-ით შემცირდა, რაც IMF-ისა და თავად რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზებთან შედარებით გაცილებით უკეთესი შედეგია.

შეგახსენებთ, რომ ომის საწყის პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდი რუსეთის ეკონომიკის 6%-ით შემცირებას პროგნოზირებდა, წლის ბოლოსათვის კი პროგნოზები გადაიხედა და საერთაშორისო ინსტიტუტები მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-იან შემცირებას მოელოდნენ.

ტრადიციულად, "როსსტატს" მთლიან შიდა პროდუქტის მოცულობა დოლარში არ გაუსაჯაროებია, თუმცა ჩვენი გამოთვლები აჩვენებს, რომ ამჟამად რუსეთის ეკონომიკა 2 ტრილიონ 25 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 42 მილიარდი დოლარით შემცირებული მაჩვენებელია.

გარდა მინუს 42 მილიარდი დოლარისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნავთობისა და გაზის რეალიზაციით შემცირებული შემოსავლების ფონზე, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი იანვარში 25 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც მარტივად რომ ვთქვათ იმას გულისხმობს, რომ ერთ თვეში მთავრობამ $25 მილიარდით მეტი დახარჯა, ვიდრე შემოსავალი მიიღო.

ამ დეფიციტის შესავსებად რუსეთის მთავრობა არაერთ ზომას მიმართავს, მათ შორის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესებისთვის მოგების გადასახადის გაზრდაა, რისი საშუალებითაც ეკონომიკის სამინისტრო დამატებით 4 მილიარდი დოლარის ამოღებას გეგმავს.

რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ ინდიკატორებს, წლიური ინფლაციის დონე რუსეთში ამჟამად 12%-იან ნიშნულზეა, ცენტრალური ბანკი კი 2023 წლის ბოლომდე ინფლაციის შემცირებას 5%-მდე მოელის, მომავალი წლის პროგნოზი 4%-ის ფარგლებშია. მონეტარული პოლიტიკა რუსეთში ისევ უცვლელად, 7.5%-იან ნიშნულზე რჩება.

სომხეთი:

სომხეთს რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, კერძოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2022 წელს 12.6%-ით გაიზარდა.

დღეისათვის სომხეთში ინფლაციის დონე 8%-ის ფარგლებშია; ხოლო ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა 11%-მდე გაამკაცრა.

აზერბაიჯანი:

ვითარება შედარებით განსხვავებულია მეზობელ აზერბაიჯანში, გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.6%-ით გაიზარდა; ინფლაცია დაახლოებით 12%-ის ფარგლებშია; რეფინანსირების განაკვეთი კი 8.5%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ბაზრიდან რუსეთის გაძევების ფონზე, დასავლეთში სულ უფრო მეტად იზრდება აზერბაიჯანულ ენერგორესურსებზე მოთხოვნა. ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, 2025 წლამდე აზერბაიჯანი ევროკავშირის უმსხვილეს ენერგომიმწოდებლად იქცევა.

თურქეთი:

რაც შეეხება თურქეთს, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს რეგიონის რეკორდულ ინფლაციასთან, რომელიც ბოლო მონაცემებით, 58%-ის ფარგლებშია. ამ მოცემულობის ფონზე, ქვეყნის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ჯიუტად 10.5%-მდე ამცირებს. 2022 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი თურქეთში 5%-ს შეადგენს.

დამანგრეველი მიწისძვრების ფონზე, საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანამ დაახლოებით 50-100 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო, რაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტის 10%-ზე მეტია.


საქართველო:


2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა. ინფლაცია 9.4%-ს შეადგენს; ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი კი 11%-ია.

რაც შეეხება სამომავლო ზრდის პერსპექტივას, 2023 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 3-დან 6%-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა, ცხადია, ეს მონაცემები ეტაპობრივად გადაიხედება.