02.დეკემბერი .2019 20:59

ეკონომიკური ზრდა ოქტომბერში - ციფრები და რეალობა

views 441
უკან

წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მშპ-ის ზრდამ 5.7% შეადგინა, ხოლო 2019 წლის III კვარტალის საშუალო ზრდამ 5.7%.

წარმოების მეთოდით მშპ-ის გაანგარიშებისას სწორედ დამატებული ღირებულებების ჯამი განსაზღვრავს მშპ-ის მოცულობას. ამიტომაც, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა პირდაპირ კორელაციაშია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან, იმ პერიოდში როცა იზრდება დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, შესაბამისად, ეს განაპირობებს მშპ-ის ზრდას.



(წარმოების მეთოდით: მთლიანი გამოშვება საბაზისო ფასებში - საქონლისა და მომსახურების გამოშვებისათვის გამოყენებული შუალედური მოხმარება = მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზისო ფასებში (დამატებული ღირებულება) + გადასახადები პროდუქციაზე და იმპორტზე - სუბსიდები პროდუქტებზე = მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზრო ფასებში.

2019 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა 4 232 ახალი საწარმო, თუმცა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 11,2%-ით არის შემცირებული. ახალი დარეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და აწარმოებენ მეტ ეკონომიკურ დოვლათს. Doing Business რეიტინგის მიხედვით, ბიზნესის დაწყებაში (Starting a Business) საქართველო მსოფლიო რეიტინგში მეორე ქვეყანაა, რაც წარმოუდგენლად მაგარი მიღწევაა. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებლის ქულას განსაზღვრავს: რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები, დრო, ღირებულება. თავად Doing Business-ის ინდექსი დგება შემდეგი კომპონენტების მიერ: ბიზნესის დაწყება; სამშენებლო ნებართვების გაცემა; ელექტროენერგიის მიღება; ქონების რეგისტრაცია; კრედიტების მიღება; უმცირესობაში მყოფი ინვესტორების დაცულობა; გადასახადები; საერთაშორისო ვაჭრობა; კონტრაქტების დაცულობა; გადახდის უუნარობის მოგვარება. შესაბამისად, Doing Business-ის მაჩვენებელში არ არის გათვალისწინებული ის, თუ რა კაპიტალით იწყებს ბიზნესს და როგორია მისი კაპიტალის ღირებულება, დაწყების შემდეგ რამდენია ამ კომპანიის სიცოცხლისუნარიანობა, რამდენად წარმატებული ხდება მისი ბიზნესი მომავალში და რამდენად მომგებიანი ბიზნესია, რამდენად კონკურენტული ბაზარია და სხვ. აქედან გამომდინარე, ვიღებთ ასეთ სურათს, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება უმარტივესია, რაც განსაზღვრავს კიდეც ჩვენს მაღალ რეიტინგს საერთაშორისო დონეზე, სამაგიეროდ მცირე კაპიტალის; არსებული კაპიტალის დაბალი ღირებულების; არაკონკურენტული ბაზრის; ქვეყნის დაბალი ეკონომიკური განვითარების, რაც შეზღუდულ შესაძლებლობებს აძლევს კომპანიებს და სხვა რიგი ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემებისა ამცირებს დარეგისტრირებული ბიზნესის წარმატებით გაგრძელების შესაძლებლობასა და მისგან ეკონომიკური დოვლათის მიღებას.

თუ გადავხედავთ სტატისტიკას, 2018 წელს მოქმედი ორგანიზაციების წილი რეგისტრირებული ორგანიზაციების საერთო რაოდენობაში შეადგენდა 22,8%-ს, ბოლო 5 წლის განმავლობაშიც სტრუქტურა არ იცვლება, რაც ბიზნეს სუბიექტების დაბალ სიცოცხლისუნარიანობაზე მიუთითებს.



ხშირად ეკონომიკური ზრდის შეფასება არაადეკვატურად ხდება. ეკონომიკური ზრდის მიხედვით, ქვეყნების რეიტინგების დალაგება და მათ წარმატებაზე აქცენტის გაკეთება არ არის სწორი ანალიზი. განვითარებულ ქვეყნებს, როგორც წესი ბევრად დაბალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე განვითარებად და დაბალ განვითარებულ ქვეყნებს. მთავარი მიზეზი არის ის, რომ განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური აქტივები თითქმის სრულად გადასულია კერძო სექტორში, ანუ ეს აქტივები მუშაობს და ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, ხოლო დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში აქტივების უდიდესი ნაწილი კვლავაც სახელმწიფო ბალანსზეა, რაც ნიშნავს, რომ ეს აქტივები არ მუშაობენ, არ არიან ეკონომიკაში ჩართულები, მათი ღირებულება არის 0, ეს ნიშნავს, რომ ოქრო მიწაში გქონდეს ჩამარხული და არ იყენებდე.

შესაბამისად, ასეთ ქვეყნებს, რომელთაც აქვთ მცირე მთლიანი შიდა პროდუქტი, სახელმწიფოს მიერ "დაკონსერვებული’’ ეკონომიკური აქტივების "გაცოცხლებით’’ შეუძლიათ ჰქონდეთ მაღალი და თუნდაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ხოლო ამჟამად დაბალ განვითარებულ ქვეყნები რატომაც აღწევენ უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვიდრე განვითარებული ქვეყნები, არის ის რომ, ასეთ ქვეყნებს აქვთ მცირე მშპ, ხოლო მცირე ეკონომიკური გამოცოცხლებაც კი იწვევს მშპ-ის მაღალ პროცენტულ ზრდას.

მაგალითად: საქართველოში 2019 წლის II კვარტალში წინა წლის II კვარტალთან შედარებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 4,5%. აღნიშნული ზრდა გამოიწვია რეალურ მთლიანი შიდა პროდუქტში 323,1 მლნ ლარის (7 564.5 - 7 241.4) დამატებამ! გერმანიაში II კვარტალში წინა წლის II კვარტალთან შედარებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 0,3% (OECD), აღნიშნული ზრდა გამოიწვია ეკონომიკაში 12,2 მლრდ აშშ დოლარის (2010 წლის მუდმივ ფასებში) დამატებამ. ერთ მოსახლეზე მშპ (სსფ-2018) გერმანიაში შეადგენს 47.7 ათასი აშშ დოლარს, ხოლო საქართველოში - 4,4 ათასი აშშ დოლარს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა