მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს 6%-ზე შევინარჩუნებთ“ - გიორგი კაკაურიძე

628b69aa0c4ba
ვიქტორია მღებრიშვილი
23.05.22 15:05
840
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა 2022 წლის ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს უცვლელად, კვლავ 6%-ზე შეინარჩუნებს. ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრომ წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შესაძლოა შემოდგომაზე ახალი ბიუჯეტის ფორმირებისას დააკორექტიროს იმის გათვალისწინებით, თუ როგორი იქნება ზაფხულის ტურისტული სეზონის აღდგენა.

„წლიური პროგნოზთან მიმართებით გაურკვევლობა დიდია და რთულია იმის თქმა, როგორი იქნება ზრდა. 1 ივნისს ახალი მაკროეკონომიკური პროგნოზების გამოქვეყნება გვიწევს, ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე 6%-იანი ზრდის მაჩვენებელს არ შევცვლით, რადგან პირველი კვარტლის 14.4% და აპრილის დადებითი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არ ყოფილიყო რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენ წელს 8%-იან, 7.5%, 7.3%-იან ეკონომიკურ ზრდას მივაღწევდით.

ამასთან ეკონომიკური ზრდის ნაწილში ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ ზაფხულში ტურისტული სეზონის აღდგენას 2019 წელთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, ზაფხულის სეზონის შემდეგ უფრო სწორი პროგნოზების გაკეთება შეიძლება, თუმცა დღეის მდგომარეობით ჩვენ ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს არ შევცვლით. მიუხედავად იმისა, რომ 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ძალიან რთული იქნება, ჩვენ ამ მიმართულებით ვივლით და ჯერჯერობით ამ პროგნოზს შევინარჩუნებთ და სექტემბერში, როდესაც ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი გვექნება, ამის შემდეგ ახალი ბიუჯეტის ფორმირებისას ეკონომიკური ზრდის აღდგენის მონაცემებს დავაზუსტებთ“, - განმარტა კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უწყებას დადებითი მოლოდინი აქვს აპრილის ეკონომიკური ზრდის შედეგთან დაკავშირებითაც.

„მიუხედავად იმისა, რომ აპრილში ეკონომიკური ზრდის უარყოფით მაჩვენებელს ველოდით, იმ საბაზო 44%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, რაც გასულ წელს გვქონდა, დღეის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აპრილში ეკონომიკური ზრდა უარყოფითი არ იქნება და დადებითი იქნება, თუმცა რამდენი ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია, ამ მონაცემებს საქსტატი თვის ბოლოს გამოაქვეყნებს“, - აღნიშნა კაკაურიძე.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე გაზარდა. მარეგულირებლის წინა პროგნოზით, რომელიც სებ-მა 30 მარტს გამოაქვეყნა, ზრდა 3-4%-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე, ეროვნული ბანკი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. შესაბამისად, ომის ნეგატიურ ეფექტს სებ-ი მინუს 0.5 პროცენტული პუნქტით აფასებს.