05.სექტემბერი .2020 15:25

ეკონომიკური ზრდის/ვარდნის ოფიციალური პროგნოზი, სავარაუდოდ, შეიცვლება

views 733
უკან

წელს საქართველოს მთავრობა ეკონომიკის 4%-იან ვარდნას ვარაუდობს, მაგრამ არაა გამორიცხული, ოფიციალური პროგნოზი შეიცვალოს.

როგორც bm.ge-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განუცხადა, შესაძლოა, ეკონომიკის შემცირება -4%-დან -5%-ის ფარგლებში იყოს, თუმცა ოფიციალური პროგნოზის შეცვლას, ჯერჯერობით, არ ჩქარობენ.

„რა თქმა უნდა, ეკონომიკის დინამიკას ვუყურებთ და ყოველთვიური მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ არ ჩავთვლით ტურიზმს, ეკონომიკა უკვე აღარ უარესდება და დაახლოებით, იგივე დონეზეა, რაც შარშან ამ პერიოდისთვის იყო; ეს, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა მძიმეა ის სიტუაცია, რაც ტურიზმშია, რომელსაც მშპ-ის 9%-მდე ეკავა. ამდენად, ველოდებით, რომ წელს ეკონომიკის ვარდნა -4-დან -5%-მდე იქნება. პროგნოზის შეცვლას ჯერ არ ვჩქარობთ, რადგან უკვე ოქტომბერში გვექნება დარგობრივად ცხრა თვის ანალიზის შესაძლებლობა, ასევე, გვექნება ინფორმაცია ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკებში მიმდინარე პროცესებზე. ეს ყველაფერი კი უფრო ზუსტი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5%-მდე შეამცირა. ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ზოგადად მსოფლიოში ძალიან რთული ვითარებაა იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიამ ძალიან ძლიერად იმოქმედა და გავლენა მოახდინა ეკონომიკებზე და უარყოფით შედეგების დაძლევა, საკმაოდ ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული.

„წლის პირველ ნახევარში საქართველოში ეკონომიკა 5.8%-ით შემცირდა, ამ ეტაპზე ჩვენ 2020 წლისათვის განახლებული პროგნოზით ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ვარდნა საქართველოში -5% იქნება“, - აცხადებს კობა გვენეტაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა