მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომისტი: დღეს მთავრობას არ აქვს ფუფუნება იმ მასშტაბის ფინანსური მხარდაჭერა გასწიოს, რაც მანამდე იყო

5f87279dd4d23
ანუკა ჯოხაძე
14.10.20 21:40
872
“დღეს საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ფუფუნება იმ მასშტაბის მხარდაჭერა გასწიოს, რაც მანამდე იყო განხორციელებული”, - ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტმა გიორგი პაპავამ განაცხადა. როგორც პაპავა ამბობს, ღონისძიებები რაც სახელმწიფომ კონკრეტული სექტორების დახმარების კუთხით გაატარა, თანხობრივად იყო მასშტაბური, რამაც ქვეყნის ვალდებულებები საერთაშორისო მსესხებლების მიმართ გაზარდა. ამის გათვალისწინებით, ეკონომისტი ამბობს, რომ იგივე რაოდენობის დახმარების პაკეტის წარდგენის რესურსი ამ ეტაპზე სახელმწიფოს არ გააჩნია.

“ის ღონისძიებები, რომელიც სახელმწიფოს მიერ გატარდა, იყო საკმაოდ დიდი მოცულობის. შესაბამისად ვალდებულებები, რაც პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფომ აიღო, არის მნიშვნელოვანი, რაც აისახება თითოეულ ჩვენგანზე იმ კუთხით, რომ ვალდებულება საერთაშორისო მსესხებლების მიმართ მნიშვნელოვნად გაგვეზარდა.

აღნიშნული პროექტების დიდი ნაწილი სწორედ ბიზნესების დახმარებაზე იყო ორიენტირებული, მათ შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა მოცვა სხვადასხვა სექტორების და გამოყენებული ინსტრუმენტები, მათ შორის "აწარმოე საქართველოს" და სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე ინსტიტუციების მხრიდან. შესაბამისად, არ ვფიქრობ რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას აქვს ფუფუნება, ოდნავ მაინც მიახლოებული მასშტაბის მხარდაჭერა, რაც იყო განხორციელებული, განახორციელოს, თუმცა ეს არ გამორიცხავს ძალიან მიზნობრივ მხარდაჭერის პროგრამებს", - ამბობს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტი გიორგი პაპავა.

შეგახსენებთ, მთავრობამ მაისში 200-მილიონიანი პაკეტი წარადგინა, რომლითაც ტურიზმისა და სარესტრონო ინდუსტრიის დაფინანსება მოხდა. პაკეტი თვალისწინებდა როგორც პირდაპირ საგადასახადო შეღავათებს, ასევე სუბსიდიებს.

საშეღავათო პერიოდების ამოწურვის შემდეგ ტურისტული სექტორი უკვე მორიგი მოთხოვნებით გამოდის. საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ ეკონომიკის მინისტრს უკვე მიმართა. მოთხოვნებს შორისაა საგადასახადო შეღავათების გაგრძელება მინიმუმ ერთი წლით, დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდა და საოპერაციო ხარჯების სუბსიდირება, ასევე მოთხოვნებს შორისაა საბანკო ვალდებულებების გადავადებაც.