მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომისტი: მსხვერპლი, რომელსაც მოითხოვს ინფლაციის შემცირება, ეკონომიკური ზრდის შეფერხებაა

5df0c12fc466c
ინგა მურუსიძე
11.12.19 14:30
1715
"მსხვერპლი, რომელსაც მოითხოვს ინფლაციის დონის შემცირება, ეს არის ეკონომიკური ზრდის შეფერხება იქამდე, ვიდრე ფასების დონე ჩამოვა" - ასე აფასებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში აკაკი ცომაია bm.ge-ისთან საუბარში ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის 9%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით.

ცომაიას შეფასებით, საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივს, ფაქტობრივად, 2-ჯერ აღემატება.

„ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობას წარმოადგენს მიზნობრივი ინფლაციის დონის უზრუნველყოფა, ამიტომ საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოსალოდნელი იყო. ეს ცხადია, გამოიწვევს იმ ადამიანების განკარგვადი შემოსავლის შემცირებას, როლებსაც სესხები აქვთ ლარში. მიზანიც ეს არის, რომ დროთა განმავლობაში მოხმარება შემცირდეს ისე, რომ ამან გავლენა მოახდინოს, შესაბამისად, ფასების დონეზე, რაც უახლოესი 9-12 თვის განმავლობაში ეკონომიკურ ზრდაზე მოახდენს გავლენას. ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ პოზიტიურ გავლენას მოახდენს ლარის გამყარებაზე“, - განაცხადა ცომაიამ.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ექსპერტის შეფასებით, „ცხადია, ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის შეფერხებას“.

„არ არსებობს ისეთი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ ბანკს შეუძლია ინფლაციის დონის შემცირება. მსხვერპლი, რომელსაც მოითხოვს ინფლაციის დონის შემცირება, ეს არის გარკვეული დროის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდის შეფერხება იქამდე, ვიდრე ფასების დონე ჩამოვა. შემდეგ, უკვე, როცა ფაქტობრივ და მიზნობრივ ინფლაციას შორის ღრმული გაქრება, მერე უკვე ეროვნული ბანკი დაიწყებს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. რაც შეეხება მთავრობის მიერ გადასადგმელ ნაბიჯს, ნაბიჯი იქნება საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად გამოყენება და ეფექტიანი ხარჯვა; როცა ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტი, ფაქტობრივად, იფლანგება და საზოგადოების მიერ გაღებული ხარჯის სანაცვლოდ იქმნება იმის არაადეკვატური პროდუქტი, ცხადია, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების მომავალ ეკონომიკურ შემოსავლებზე  უარყოფითად მოქმედებს. თანაბარ პირობებში მთავრობას რომ არ დაეხარჯა ბიუჯეტში შესული გადასახადები, შემოსავალი, პლიუს  ვალი, რასაც სახელმწიფო იღებს, ამ შემთხვევაში ადამიანების კეთღილდღეობა უფრო მაღალი იქნებოდა მომავალში - აი, აქ არის მთავრობის პასუხისმგებლობა“, - განუცხადა bm.ge-ის ცომაიამ.

ცნობისთვის : საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის დამატებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გასული ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებლამდე - 9%-მდე გაიზარდა. ბოლოს ასეთი მაღალი განაკვეთი ქვეყანას 2008 წლის დეკემბერში ჰქონდა.  სებ-ი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მკვეთრად გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინებს უკავშირებს, რადგანაც ნოემბერში ინფლაციის წლიურმა ნიშნულმა 7%-ს მიაღწია. რეფინანსირების ზრდა ეროვნულ ვალუტაში ცვლად განაკვეთზე მიბმული სესხების გაძვირებას გამოიწვევს.