22.ივლისი .2020 23:10

„ელ. კომერციის თვალსაზრისით, ქართული კომპანიები აწყდებიან შეფერხებებს“ - ევროპული ბიზნეს ასოციაცია

views 419
უკან

ევროპული ბიზნეს ასოციაციის დირექტორის მოადგილე მარიამ ქუჩულორიამ გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში მიმდინარე კვლევის მიხედვით, ევროპასთან ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით, პანდემიის შედეგების გათვალისწინებით, ბიზნესის მდგომარეობაზე ისაუბრა და ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარკვეული ტენდენციები გამოყო.

„ელექტრონული კომერციის და დიჯიტალიზაციის თვალსაზრისით, ქართული კომპანიები აწყდებიან გარკვეულ შეფერხებებს. აღმოჩნდა, რომ საქართველოში არ არის მოწესრიგებული ეს გარემო, არ გვაქვს შესაბამისი კანონი, არ გვყავს კვალიფიციური კადრები“, - აღნიშნა მარიამ ქუჩულორია.

ამასთან, თემაზე საუბრისას ქუჩულორიამ ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების საკითხზე.

„პროფესიული განათლება, ერთი მხრივ, კარგად ჭრის დასაქმების პრობლემას და მეორე მხრივ, ხელს უწყობს ბიზნესს. მნიშვნელოვანია, იყოს გათვალისწინებული უშუალოდ ბიზნესს რა კვალიფიკაცია და უნარები სჭირდება“, - განაცხადა მარიამ ქუჩულორიამ.

გადაცემაში საუბრისას, ევროპული ბიზნეს ასოციაციის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სასამართლო დავების სწრაფი და ეფექტიანი, ხარისხიანი გადაწყვეტა.

„ვიგებთ, რომ სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს საქართველოში ვერ ხდება. მიგვაჩნია, რომ ბიზნესისთვის დავების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტისთვის ალტერნატივა არის მედიაცია და არბიტრაჟი“, - დასძენს მარიამ ქუჩულორია.