მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი: ბოლო 10 წელში პოლონეთში ქართული რესტორნების რაოდენობა ათჯერ გაიზარდა

5fccbd1a90e5b
თამთა ჯიჯავაძე
06.12.20 15:08
1345
"ბოლო ათი წლის განმავლობაში პოლონეთში ქართული რესტორნების რაოდენობა ათჯერ გაიზარდა" - ამის შესახებ პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მახსოვს, 2007 წელს, როდესაც ნათესავები ეწვივნენ საქართველოს და მიყვებოდნენ ამ ქვეყნის შესახებ, მათ დამპატიჟეს რესტორან „თბილისში“ ვარშავაში, მაშინ ეს რესტორანი ერთადერთი იყო ქალაქში, დღეს უკვე 30-40 ქართული რესტორანია. მხოლოდ დედაქალაქში არა, პატარა ქალაქებშიც შეხვდებით ქართულ კერძებს, ერთგვარი კონკურენციაც კი არის ქაბაბსა და ხაჭაპურსა და ხინკალს შორის“, - აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, ქართული რესტორნების რაოდენობის ზრდის მიზეზი ისაა, რომ ქართველებისთვის პოლონეთი საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა როგორც სასწავლებლად, ასევე სამუშაოდ.

„ჩვენ უამრავი აპლიკაცია გვაქვს სამუშაო ვიზაზე. თუ პოლონეთში უფრო დიდხანს დარჩენა გსურთ, მაშინ საკონსულოს უნდა მიმართოთ. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ რიცხვებს. თითქმის 10 000 აპლიკაცია შემოდის წლის განმავლობაში. საქართველო მესამე თუ მეოთხე ქვეყანაა სამუშაო მიზნით ჩასულთა რაოდენობის მიხედვით.

აქ საუბარი არ არის მხოლოდ რესტორნებში მიმტანებად დასაქმებულებსა და დამლაგებლებზე, ძალიან ბევრი მაღალი დონის პოზიციაა, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეები არიან დასაქმებულები“, - განაცხადა დიპლომატმა და დასძინა, რომ პოლონეთი სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, რომელსაც სჭირდება ბევრი მუშახელი, ასე რომ, ქვეყანა ღია ვართ არა მარტო უკრაინელებისა და ბელარუსებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც.

ინტერვიუ პოლონეთის ელჩთან: