მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი: მთავრობა ამბობს, რომ გუშინდელი მოვლენები კონტროლის აღება იყო, გარედან კი ჩანს, რომ ეს კონტროლის დაკარგვაა

6036052e42df5
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.21 11:47
6299
საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა, რომ ის შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამასთან, დიპლომატი მიუთითებს, რომ მართალია, მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებით, ეს კონტროლის დამყარებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა გარედან ეს ჩანს, როგორც ვითარებაზე "კონტროლის დაკარგვა". დიპლომატი აღნიშნავს, რომ საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიაღწია სათანადო პროგრესს, იმისთვის, რათა არსებულ ვითარებაში მხარეებს შორის ცივილიზებული კომპრომისი შედგეს.

“ისრაელი ყოველთვის იყო საქართველოს კარგი და მყარი მეგობარი. მე სხვა ალტერნატივას არ ვხედავ და მხოლოდ შეშფოთება შემიძლია გამოვთქვა მოვლენების გუშინდელ განვითარებასთან დაკავშირებით. მთავრობის განცხადებით, გუშინდელი მოვლენები კონტროლის აღება იყო, გარედან კი ჩანს, რომ ეს თითქოს კონტროლის დაკარგვაა.

საქართველოში ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტია უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვა ისრაელიდან. უცხოელი ინვესტორებისთვის კი ყოველთვის სამი რამ არის მთავარი: იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, იყოს პოლიტიკური სტაბილურობა და ეკონომიკა იყოს განჭვრეტადი.

სამწუხაროდ, იმისდა მიუხედავად, თუ როგორ ვუხსნით მათ საქართველოში არსებულ ვითარებას, ბოლო რამდენიმე თვე, კერძოდ არჩევნების შემდგომი პერიოდი და გუშინ მომხდარი მოვლენები, ძალიან ართულებს ბიზნესმენების, ანალიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების დაიმედებას, რომ საქართველო იქნება სტაბილური.

ჩვენ რა თქმა უნდა, მხარეებს არ ვირჩევთ და ვერ დავდგებით ვერც ოპოზიციისა და ვერც მთავრობის მხარეს. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია სათანადო პროგრესს იმისთვის, რათა რთულ ვითარებაში მიღწეული იყოს ცივილიზებული კომპრომისი,”- აღნიშნავს საქართველოში ისრაელის ელჩი.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გუშინ, პარტიის ოფისში დააკავეს.

მომხდარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე შეფასებები უკვე მოჰყვა. ისინი საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ და დემოკრატიის ერთგულებისკენ მოუწოდებენ.