მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი: "მაქვს კონტაქტი ერთ გერმანულ ფირმასთან, რომელიც საქართველოში შვილობილ კომპანიას აფუძნებს"

60bfa34b249fe
თამთა ჯიჯავაძე
08.06.21 23:20
1867
მაქვს ამჟამად კონტაქტი ერთ გერმანულ ფირმასთან, რომელიც საქართველოში შვილობილ კომპანიას აფუძნებს, - ამის შესახებ BMG-ის ინფორმაცია გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა მიაწოდა, თუმცა, მან ჯერჯერობით არ დაასახელა კომპანიის სახელი.

„ეს არის საინჟინრო ფირმა, რომელიც ძალიან დიდი არ არის, მაგრამ ტექნიკურად ძალიან საინტერესოა. მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით, ალბათ თავად ფირმა გააკეთებს მოგვიანებით განცხადებას. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად ჩემი წვლილის ამ საქმეში შეტანა მაშინ შემიძლია, როდესაც ფირმები, მათი წარმომადგენლები საქართველოში ჩამოდიან. მაშინ როგორც ელჩი მხარს ვუჭერ მათ გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან ერთად და მოხარული ვიქნები, რომ მალე კიდევ მივიღებთ გერმანულ დელეგაციებს აქ საქართველოში“, - განაცხადა ელჩმა.

ხოლო შეკითხვაზე როგორ უნდა გავზარდოთ ინვესტიციების მოცულობა გერმანიიდან, დიპლომატმა აღნიშნა: „გეთანხმებით და მეც ვთვლი, რომ გერმანული ინვესტიციები საქართველოში უფრო მეტი უნდა იყოს და ჩვენ მართლაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი მეთოდებით, რათა ეს ციფრი გაიზარდოს“.

თუმცა, მისივე თქმით, ამჟამადაც საკმაოდ მსხვილი ინვესტიციები ხორციელდება გერმანიიდან. ამ კუთხით მან რამდენიმე მსხვილი გერმანული კომპანიის საქართველოში ოპერირებას გაუსვა ხაზი:

„მართალი გითხრათ მაკვირვებს ეს დაბალი ციფრი [ინვესტიციების მოცულობა გერმანიიდან საქართველოში]. მე მგონია რომ ის საკმარისად არ ასახავს გერმანელი ინვესტორების მნიშვნელობას. ჯერ მხოლოდ "ჰაიდელბერგ ცემენტი" რომ ავიღოთ თავისი დიდი ქარხნებით, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საერთაშორისო ინვესტორს საქართველოში. ან ავიღოთ ფირმა "მაჟორელი", რომელიც ასაქმებს რამდენიმე ასეულ ახალგაზრდა ქართველს, რომლებიც უცხო ენებს ფლობენ, განსაკუთრებით კი გერმანულს. ამ ფირმამ შემოიტანა საქართველოში ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი. კიდევ არის ფირმა "აე სოლარი", რომელმაც საქართველოში მზის ენერგიის სისტემებს წარმოება დაიწყო. მგონია, რომ ამ ფირმებს ბევრად მეტი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში, ვიდრე ეს ამ რიცხვებში აისახება“.

ცნობისთვის, 2020 წელს საქართველოში გერმანიიდან 23 703,4 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, 2019 წელს - 21 870,0 ათასი აშშ დოლარი, ხოლო 2018 წელს - 40 324,1 ათასი აშშ დოლარი.