24.თებერვალი .2021 17:46

ელჩის განცხადებით, პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას ართულებს

ელჩის განცხადებით, პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას ართულებს
views 235
უკან

საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ართულებს. ამასთან, დიპლომატი ასახელებს მთავარ ინდიკატორებს, რასაც ინვესტორები აქცევენ ყურადღებას, ესენია - დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტიკური სტაბილურობა და განჭვრეტადობა.

“საქართველოში ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტია უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვა ისრაელიდან. უცხოელი ინვესტორებისთვის კი ყოველთვის სამი რამ არის მთავარი, რომ იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, იყოს პოლიტიკური სტაბილურობა და ეკონომიკა იყოს განჭვრეტადი.

სამწუხაროდ, იმისდა მიუხედავად თუ როგორ ვუხსნით მათ საქართველოში არსებულ ვითარებას, ბოლო რამდენიმე თვე, კერძოდ არჩევნების შემდგომი პერიოდი და გუშინ მომხდარი მოვლენები ძალიან ართულებს ბიზნესმენების, ანალიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების დაიმედებას, რომ საქართველო იქნება სტაბილური,”- აღნიშნავს საქართველოში ისრაელის ელჩი.

უშუალოდ პოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებით, ისრაელის ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიაღწია სათანადო პროგრესს, იმისთვის, რათა არსებულ ვითარებაში მხარეებს შორის ცივილიზებული კომპრომისი შედგეს.

“ჩვენ რა თქმა უნდა, მხარეებს არ ვირჩევთ და ვერ დავდგებით ვერც ოპოზიციისა და ვერც მთავრობის მხარეს. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია სათანადო პროგრესს იმისთვის, რათა რთულ ვითარებაში მიღწეული იყოს ცივილიზებული კომპრომისი,”- აცხადებს საქართველოში ისრაელის ელჩი, ამასთან რან გიდორი გუშინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა