მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა

641826d868efa
გიორგი თოლორდავა
20.03.23 13:27
7586
საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი მკვეთრად იზრდება - ერთკვირიან ჭრილში უნცია ოქროს ფასი 4.5%-ითაა გაზრდილი ამჟამად 2,000 დოლარს შეადგენს.

ერთთვიან პერიოდში ძვირფასი მეტალი საერთაშორისო ბირჟაზე თითქმის 9%-ითაა გაძვირებული და მისი ფასი ამჟამად ერთწლიან მაქსიმუმს აღწევს.

ოქროს გაძვირება ინვესტორების მოლოდინებთან და ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული. მსხვილი საერთაშორისო ბანკების გაკოტრების ფონზე, არსებობს იმის რეალური შანსი, რომ FED-მა რეფინანსირების განაკვეთი დაგეგმილზე 25 საბაზო პუნქტით ნაკლებად გაზრდის. აგრეთვე არ არის გამორიცხული, რომ ფედერალური რეზერვი წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზეც გადაერთოს, რაც, ცხადია, დადებითად აისახება ოქროს ფასზეც.

გასათვალისწინებელია, რომ FED-ის გადაწყვეტილებას გლობალურ ეკონომიკაზე დომინოს ეფექტის მსგავსი გავლენა აქვს, მის მიერ გამკაცრების ტემპის შენელება ევროპის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა თუ ავსტრალიის ცენტრალურ ბანკებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს. მსოფლიოს მასშტაბით შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა და დასუსტებული ეროვნული ვალუტები ოქროს ინვესტორებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია.

ზოგადად, ოქროსა და დოლარს შორის საპირისპირო მიმართებაა. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინვესტორებს უბიძგებს, თავიანთი კაპიტალი არა 0%-იანი ამონაგების მქონე ოქროში, არამედ სახაზინო ობლიგაციებსა და უცხოურ ვალუტაში დააბანდონ, განსაკუთრებით კი აშშ-ში. ოქრო ინფლაციისგან ჰეჯირების ერთ-ერთ ტრადიციულ საშუალებად ითვლება, ცენტრალური ბანკები კი მას ფინანსური არასტაბილურობისგან თავის დასაზღვევად ყიდულობენ.