მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის და გაზის ტარიფის სუბსიდირება არაეფექტიანია - WEG-ის კვლევა

5e665c0250e02
დავით ჯალაღონია
10.03.20 09:45
2370
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ენერგეტიკული დახმარების არსებული სქემები არაეფექტიანია და ხელს უწყობს სოციალური უთანასწორობის ზრდას - ამის შესახებ ორგანიზაციის - "მსოფლიო გამოცდილება - საქართველოსთვის" (WEG) კვლევაშია ნათქვამი.

კვლევა ენერგეტიკულ ტარიფებსა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაცვის საკითხებს ეხება.

WEG-ის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის და გაზის ტარიფები, ინფლაციის გათვალისწინებით კლების ტენდენციით ხასიათდება - ელექტროენერგია 17%-ით გაიაფდა, გაზი -20%-ით. რაც შეეხება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დეკლარირებულ შემოსავლებს, ეს მაჩვენებელი 1.8 ჯერ გაიზარდა.

ამ ფონზე, კვლევის თანახმად, ენერგეტიკული ტარიფების სუბსიდირების მოცულობა წელიწადში 200 მლნ დოლარს აღწევს. შედეგად, ორგანიზაციამ ასეთი დასკვნა გააკეთა:

"ენერგეტიკული დახმარების არსებული სქემები არაეფექტიანია და ხელს უწყობს სოციალური უთანასწორობის ზრდას, როგორც თბილისსა და რეგიონებს შორის, ასევე - ღარიბ და შეძლებულ მოსახლეობას შორის.

არსებული სოციალური დახმარების სისტემა არ ეხმარება მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს (65 დან -100 000- მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები) ვინც ვერ იკმაყოფილებს საბაზო სასიცოცხლო მოთხოვნებს.

ენერგეტიკული ტარიფების სუბსიდირების მოცულობა შეფასებულია წელიწადში 200 მლნ დოლარად მაშინ, როცა მთლიანი ფულადი სოციალური დახმარების მოცულობა ქულათა კატეგორიების მიხედვით დაახლოებით 110 მილიონი დოლარის ექვივალენტია.

ტარიფის სუბსიდირება არაეფექტიანი სქემაა მიზნობრივ ვაუჩერულ ან ფულად დახმარებასთან შედარებით. ზრდის უთანასწორობას, ენერგეტიკულ დამოკიდებულებას ხელს უშლის ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის განვითარებას".

აქვე, "მსოფლიო გამოცდილება - საქართველოსთვის" დღეს არსებული სუბსიდირების სქემებზე ფინანსურ ინფორმაციას აჯამებს.

„თბილისში დახმარება გაიცემა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და შეადგენს წელიწადში საშუალოდ 530 ლარს (დახმარება გაიცემა 5 თვეზე, თვეში 106 ლარის ოდენობით, მოიცავს), ხოლო რეგიონებში ცენტრალური მთავრობა ახდენს ტარიფის სუბსიდირებას 3.9 თეთრით. რეგიონებში გაცემული დახმარება მონეტარულ მაჩვენებელში წელიწადში დაახლოებით 50 ლარს შეადგენს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ გაზის ტარიფის საქართველოში სუბსიდირებულია მთლიანი მოსახლეობისათვის. ეს სუბსიდია შეფასებულია როგორც წლიურად 200 მლნ დოლარი, მაშინ როცა მთლიანი სოციალური დახმარების მოცულობა დაახლოებით 110 მილიონი დოლარის ეკვივალენტია, ხოლო ფულადი დახმარების მიღმა არის დარჩენილი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (65 000 დან 100 000 სარეიტინგო ქულამდე მოსახლეობის კატეგორია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით)“, - ნათქვამია WEG-ის კვლევაში.

ზემოთ დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, WEG-ში მიაჩნიათ, რომ ენერგეტიკის ახალი კანონის მიღება ვერ მოახდენს ფასების მოსალოდნელი ზრდის მნიშვნელოვან შემცირებას, ამიტომ, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის ბაზრების გახსნის და ტარიფების ცვლილების შემთხვევაში, მიზნობრივი დამატებითი დახმარება მოწყვლად მომხმარებლებს უნდა გაეწიოს.