მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის გამომუშავების შეზღუდვაზე კერძო სექტორი სამინისტროსთან შეთანხმდა

5ecbeb1426274
თათია ჩაფიჩაძე
25.05.20 20:15
977
ჰიდროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების შეზღუდვის საკითხზე კერძო სექტორი ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმდა. ამის შესახებ „საქმის კურსის“ ეთერში საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორი გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა.

„ეს საკითხი ჩვენთვის პრობლემურია, კერძო სექტორს არაერთხელ უთქვამს და კიდევ გავიმეორებთ, რომ ეს არის ყველაზე დაბალმარჟიანი, გრძელვადიანი, ფინანსურად ტევადი სექტორი და ამ სექტორში კიდევ საკუთარი ენერგიის დაღვრა და არგამოყენება მძიმედ ტვირთავს ჩვენს ინვესტორებს და ზოგადად ფინანსურ ინსტიტუციებს, რომლებიც ჩართულები არიან ჩვენი პროექტების განხორციელებაში, მაგრამ გასაგებია, ეს გამონაკლისის სახით უნდა ჩავთვალოთ ამ პანდემიის გამო. ყველა სექტორი განიცდის პრობლემებს და სამწუხაროდ ჩვენი სექტორიც არ არის გამონაკლისი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან, იყო რამდენიმე საჯარო განხილვა ამის შესახებ და მეტ-ნაკლებად სამართლიან პირობებზე შევთანხმდით.“ - განაცხადა აბრამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) გადაწყვეტილებით, მაისიდან ივლისის ჩათვლით, გენერაციის ობიექტები ელექტროენერგიის გასაყიდად პირდაპირ ხელშეკრულებებს ვერ გააფორმებენ. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც სსე-მ გენერაციის ობიექტებს გაუგზავნა.

27 აპრილით დათარიღებულ წერილში, ელექტროსისტემა განმარტავს, რომ მაისიდან ივლისის ჩათვლით, ელექტროენერგიის მოხმარება სავარაუდოდ მკვეთრად შემცირდება, ამიტომ ქვეყანას ჭარბი ელექტროენერგია ექნება, შესაბამისად ჰესებს ჰიდრორესურსების დაღვრა მოუწევთ. ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიზეზი კი, კორონავირუსის გამო გაჩერებული კომერციული ობიექტებია.