13.იანვარი .2021 23:30

ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება დარგებს წნეხს შეუმსუბუქებს - მინისტრი

ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება დარგებს წნეხს შეუმსუბუქებს - მინისტრი
views 135
უკან

2021 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ამოქმედდა. მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, ცალკეულ სფეროებში მოღვაწე ბიზნესებს გაზრდილი ტარიფის სხვაობის 50% სახელმწიფოს მიერ დაუსუბსიდირდება. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული სიის მიხედვით, მთავრობისგან სუბსიდიას საკვები პროდუქტების პირველადი წარმოების სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ბიზნესები მიიღებენ.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თქმით, ეს გადაწყვეტილება შეუმსუბუქებს წნეხს ისეთ მნიშვნელოვან წარმოებას, ისეთ დარგებს, როგორიცაა რძის პროდუქტების წარმოება და გადამუშავება, ხორცის წარმოება და გადამუშავება, შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება, ბოსტნეულის მოყვანა და კონსერვირება, ხილის გადამუშავება და ბევრი სხვა დარგი, რაც პრაქტიკულად წარმოადგენს ძირითად ადგილობრივ საქმიანობას კვების პროდუქტების წარმოების მიმართულებით.

„იცით, რომ ქართული წარმოების კვების პროდუქტები დომინირებს ჩვენს ბაზარზე, უპირატესი მოთხოვნა მოდის სწორედ ადგილობრივი წარმოების კვების პროდუქტებზე და ფასნამატის ნაწილობრივი სუბსიდირების გადაწყვეტილება დაიცავს პირველ რიგში ჩვენს მოსახლეობას, მომხმარებელს კვების პროდუქტების ფასის ცვლილებისგან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: ელექტროენერგიის ტარიფის ნაწილობრივი სუბსიდირების სარგებლობისთვის, 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში შესაბამისმა საწარმოებმა განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულ პლატფორმაზე: https://registration.gov.ge/electricity  სუბსიდირება ვრცელდება იმ მეწარმეებზე, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ სექტორებში: მეფრინველეობა; ხორცის გადამუშავება და კონსერვირება; შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება; ხორცის პროდუქტების წარმოება; თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება; კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება; ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების და კონსერვირების სხვა სახეები; ზეთებისა და ცხიმების წარმოება; მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება; რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება; საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება; სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება; პურის წარმოება, არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების და მისთ. წარმოება; ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება; მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმოება; შაქრის წარმოება; სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება; ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება; მზა საკვების წარმოება ფერმისა და შინაური ცხოველებისთვის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა