მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის იმპორტი შემცირდება, ექსპორტი გაიზრდება - ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზი

5e0616fa792dd
დავით ჯალაღონია
28.12.19 11:15
907
2020 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოში 1 მლრდ 253,9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტს ვარაუდობს, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებელზე 18.8%-ით ნაკლებია. ამის შესახებ უწყების მიერ დამტკიცებულ, მომავალი წლის საპროგნოზო ბალანსშია ნათქვამი.

ელექტროენერგიის ექსპორტი კი, ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს 577,8 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწევს, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მონაცემთან შედარებით 137%-ით მეტია.

ასეთი ბალანსის იმედი სამინისტროს იმიტომ აქვს, რომ საქართველოში არსებული ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების ზრდას ელოდება. საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2020 წელს ადგილზე მოპოვებული ელექტროენერგიის მოცულობა, დაახლოებით, 11.2%-ით გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ ესკო-ს მონაცემებით, საქართველოში, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, საერთო ჯამში, 1 მლრდ 416 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (1 მლრდ 281.1 მლნ კვტ.სთ) 10.5%-ით აღემატება.

ამ 11 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი მოცულობის ელექტროენერგია - 512 მლნ კვტ.სთ, რუსეთიდან შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული ქვეყნიდან განხორციელებულ იმპორტს 151%-ით აღემატება. აზერბაიჯანიდან კი, 203.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის შესყიდვა დაფიქსირდა.