მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის მაქსიმალური მოცულობა, რაც შეიძლება ექსპორტზე გავიტანოთ, 1.2 ტვტ.სთ-ია - Galt & Taggart

643813ac66b16
მარიამ ვარადაშვილი
13.04.23 18:55
985
ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსი გამოაქვეყნა. ბალანსიდან ჩანს, რომ წელს მთავრობა ელოდება, რომ ელექტროენერგიის ექსპორტი მილიარდ კვტ.სთ-ს გადააჭარბებს. საპროგნოზო ბალანსით ელექტროენერგიის ექსპორტი აპრილიდან უნდა დაიწყოს.

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი აცხადებს, რომ წელს გასაყიდი ელექტროენერგიის მაქსიმალური მოცულობა 1.5 მილიარდ კვტ.სთ-მდე იქნება.

“წლევანდელ ენერგობალანსს რომ გადავხედოთ, პოზიტიური მოლოდინებია. გასულ წელსაც დაახლოებით ამ მოცულობის ექსპორტი განხორციელდა და დაახლოებით 3%-იან ზრდა გვაქვს. დადებითი ის არის, რომ ელექტროენერგიის ექსპორტი აპრილშივე დაიწყო, რაც ძირითადად ორმა ფაქტორმა გამოიწვია: მოხმარების შემცირება და ჰიდროგენერაციის შედარებით ზრდა. ამან გამოიწვია ის, რომ სისტემაში სიჭარბე უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე შარშან. ამიტომ ელექტროენერგიის ექსპორტი აპრილშიც შევძელით", - ამბობს ჩახვაშვილი.

მისივე თქმით, თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი კვლავაც იზრდება. გასულ წელს თბოსადგურების ხარჯზე ქვეყანამ ექსპორტი გააგრძელა, რის გამოც საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტიდან რეკორდული 84 მლნ დოლარი მიიღო.

“საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ შედარებით იაფი გაზი, რაც თავის მხრივ საშუალებას იძლევა 5.5-ცენტიანი ელექტროენერგია იყოს გამომუშავებული. 5.5-ცენტიანი ელექტროენერგიის გატანით 9-10 ცენტიანი შემოსავალი მივიღოთ, ეს სრულიად ლოგიკური პროცესია. აქ მთავარი შემზღუდავი ფაქტორია ამ სოციალური გაზის მოცულობა, რაც შეზღუდულია საყოფაცხოვრებო მოხმარებით. როგორ გადაივლის ზამთრის ეს ნაწილი და როგორი მოხმარება იქნება 2023 წლის ზამთარში, ეს გამოაჩენს უკვე რამდენად შესაძლებელია თბოსადგურების გამომუშავების ხარჯზე კიდევ უფრო გაიზარდოს ელექტროენერგიის ექსპორტი", - ამბობს ის.

Galt & Taggart-ის წარმომადგენლის თქმითვე, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება ძირითადად პირდაპირი მომხმარებლის შემცირებამ გამოიწვია, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია “ჯორჯიან მანგანეზისა” და კრიპტოკომპანიების თითქმის სრულად გაჩერებასთან.

“საპროგნოზო ბალანსში საკმაოდ დიდი მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტია დაგეგმილი და ამას შესაძლოა კიდევ დაემატოს 100-150 მლნ კვტ.სთ თვეზე. შედეგად 1.2 მილიარდ კვტ.სთ არის ის ჭერი ექსპორტის, რაც შეიძლება საქართველომ გაიტანოს. თავად თურქეთში ელექტროენერგიის ფასი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ამას ქართველი ექსპორტიორები აფიქსირებენ საზღვარზე. თურქეთში, როცა ფასი 18-20 ცენტი იყო, ამ დროს საქართველოდან გასული ელექტროენერგიის საშუალო ფასი 10 ცენტს შეადგენდა. ჯერჯერობით აპრილის მონაცემები არ ვიცით, მაგრამ ფასი ალბათ ისევ 9-10 ცენტის ფარგლებში მერყეობს. ამის მიზეზია ის, რომ შეიძლება წინასწარ იყოს კონტრაქტი გაფორმებული ან თურქული შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხორციელდებოდეს ექსპორტი”, - ამბობს ჩახვაშვილი.

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსის შეფასებითვე, თურქეთში ელექტროენერგიაზე მაღალ ფასს კვლავ ენერგეტიკული კრიზისი განაპირობებს, რაც თავის მხრივ რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია.