მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის ონლაინ ყიდვა-გაყიდვისთვის პირველი კერძო პლატფორმა ამუშავდა

61694120ae2d4
დავით ჯალაღონია
15.10.21 13:40
1139
მიმდინარე თვიდან ელექტროენერგიით ვაჭრობის პლატფორმა - “ელექტრა” ამუშავდა, სადაც ელექტროენერგიის მომხმარებელი და მწარმოებლები ერთმანეთს შეხვდებიან.

პლატფორმა ბაზრის მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ელექტროენერგიის შესყიდვისა და გაყიდვის ყველა წინადადება ერთ სივრცეში იხილონ, საკუთარი მოთხოვნების შესაბამისად ჩამოაყალიბონ და ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ განცხადებები განათავსონ.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას პროექტის ხელმძღვანელი დავით გოლოშვილი განმარტავს, მსგავსი სავაჭრო ონლაინსივრცე მომხმარებელს ელექტროენერგიის შეძენის პროცესს გაუმარტივებს და ამასთან, ბაზარზე ვაჭრობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.

“პლატფორმა „ელექტრა“ იძლევა შესაძლებლობას, ბაზრის მონაწილეებმა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამუშავებამდე, გამოიმუშაონ ელექტროენერგიის ონლაინ რეჟიმში ყიდვა-გაყიდვის უნარ-ჩვევები. მოცემული გარემოება მით უფრო საყურადღებოა, რომ ბაზრის ახალი მოდელის ფარგლებში ორგანიზებულ ბაზარებზე ელექტროენერგიით ვაჭრობა განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ვებპლატფორმების მეშვეობით.

მიგვაჩნია, რომ პლატფორმა “ელექტრა” მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის გარდამავალ პერიოდში მის მონაწილეთა ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრებისთვის ადაპტირების კუთხით; დაეხმარება ბაზრის მონაწილეებს როგორც ელექტროენერგიის მყიდველების ან გამყიდველების მოძიებაში, ასევე მოამზადებს ბაზრის მონაწილეებს სამომავლოდ ორგანიზებული საბითუმო ბაზრების ონლაინ პლატფორმებზე ოპერირებისთვის.

პლატფორმა „ელექტრას” მიზანია გააგრძელოს ფუნქციონირება როგორც ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ოპერატორმა. შესაბამისად, ბაზრის მონაწილეების მიერ პლატფორმა „ელექტრაზე” ოპერირების შეძენილი უნარ-ჩვევები და გამოცდილება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება”, - განმარტავს პროექტის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ფარგლებში, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟაც შეიქმნა, რომლის სრულფასოვანი ამოქმედება 2021 წლის 1 ივლისს იგეგმებოდა, თუმცა 2022 წლის იანვრამდე გაიდაიდო. კომპანიების ნაწილს, მათ შორის ელექტროენერიის პირდაპირი მომხმარებლებს შეუძლია, ენერგია ამ ბირჟის საშუალებით იყიდოს. ბაზრის სრული ლიბერალიზაცია კი მომდევნო ხუთ წელიწადშია მოსალოდნელი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლისთვის მცირე ბიზნესის და საცალო მომხმარებლების გარდა, ნებისმიერი სუბიექტი ელექტროენერგიის შეძენას კონკურენტულ ბაზარზე, დერეგულირებული ფასით შეძლებს.