მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრომობილების დამტენებს თბილისში "ქართლი ენერჯის" ნაცვლად მერია დაამონტაჟებს - რატომ?

6035f3407c343
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.21 11:05
1306
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ელექტრომობილების დამტენების დამონტაჟების პროექტით, რომლის განხორციელება 2 წლის წინ დაიყო, დაგეგმილი 60 დამტენიდან მხოლოდ 30 დამონტაჟდა.

როგორც კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, კომპანიას, რომელიც პროექტს ახორციელებდა, პანდემიის გამო პრობლემები შეექმნა, ამიტომ დედაქალაქის მერმა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს ახალი პროექტის შემუშავება დაავალა.

„მთელი ქალაქის მასშტაბით 2 წლის წინ დავიწყეთ ელექტროდამტენების დაყენება. ეს ელექტრომობილების შემოყვანის წახალისებისთვის კეთდებოდა. მოვამზადეთ პროექტი, რომელიც შევთავაზეთ ბიზნეს სექტორს, რომელსაც ქალაქის მასშტაბით 60 დამტენი უნდა დაეყენებინა, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე კომპანიამ სხვადასხვა უბანში მხოლოდ 30 დამტენის დამონტაჟება შეძლო. კომპანიას პანდემიიდან გამომდინარე შეექმნა გარკვეული პრობლემები.

ეს არ არის საკმარისი. ვიცე-მერს მინდა დავავალო, რომ მოამზადოს და შეკრას პროექტი ისე, რომ მუნიციპალიტეტმა შეძლოს მთელი ქალაქის მასშტაბით ელექტროდამტენების მოწყობითი სამუშაოების განხორციელება. პროექტით უნდა განისაზღვროს დამტენების რაოდენობა“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ ირაკლი ხმალაძეს უთხრა, რომ პროექტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მომზადდეს, რათა მისი განხორციელება დროულად დაიწყოს. თბილისის მერი შემდგომში პროექტის გაყიდვის პრობლემასაც ვერ ხედავს.

მან ელექტრომობილების მფლობელებს, საცხოვრებელი სახლის მდებარეობის მიხედვით, დამტენების დამონტაჟებაზე მერიაში განაცხადების შეტანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

„ურბანული და არქიტექტურის სამსახურის ჩართულობით, სადაც შესაძლებელი იქნება განვათავსებთ ამ დამტენებს, იმისთვის რომ მაქსიმალურად წავახალისოთ ელექტრომობილების შემოდინება“, - აღნიშნა მერმა.

შეგახსენებთ, რომ ელექტრომობილების დამტენებს დედაქალაქში "ქართლი ენერჯი" აყენებდა.