მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრომობილების დამტენის მონტაჟზე მოთხოვნის 98% კერძო კომპანიებზე მოდის - E-space

623b65e1a1441
ალა ისპირიანი
23.03.22 23:00
1466
“E-Space-ის მომხმარებლების 98%, რომლებიც ელექტრომობილის დამტენის მონტაჟზე სურვილს გამოთქვამენ, კერძო კომპანიები არიან,“ - ამის შესახებ Bm.ge -თან ინტერვიუში E-Space-ის დირექტორმა ავთანდილ შავიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ელექტრომობილების დამტენის მონტაჟს ძირითადად სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები ითხოვენ. „მოგვმართავენ ლოჯისტიკური თუ საერთაშორისო ცენტრებიც, თუმცა მათ შორის სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები ლიდერობენ“, - აღნიშნა შავიშვილმა.

E-Space-ის ქსელში ამ დრომდე 90-ზე მეტი დამტენია ჩართული. გარდა ამისა, მას სხვადასხვა კომპანიისთვის 100-მდე დამტენი აქვს დამონტაჟებული. 

ავთანდილ შავიშვილის განმარტებით, იმისათვის, რომ ქვეყანაში დამტენების მონტაჟთან ერთად ელექტრომობილების შეძენა პოპულარული და პრიორიტეტული გახდეს, აუცილებელია ქსელში სახელმწიფო უწყებების ჩართვაც.

„ევროპაში სახელმწიფო ამ ინდუსტრიას აქტიურად ავითარებს, რადგან ამას უყურებენ, როგორც გარემოზე ზიანის შემამცირებელ მექანიზმს. ჩვენთან კერძო კომპანიების მომართვიანობა სახელმწიფო კომპანიებთან შედარებით მნიშვნელოვნად დიდია, ამიტომ ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა, კომპანია, თუ უწყება, რომელსაც დიდი ავტოპარკი აქვს, კარგი იქნება თუ ელექტრომობილის დამტენს დააყენებს, რათა ეს ქსელი გაიზარდოს“, - განაცხადა ავთანდილ შავიშვილმა. მისივე თქმით, ელექტრომობილების დამტენის მონტაჟის ღირებულება 150 ლარს შეადგენს.

კომპანიის დირექტორი ასევე ამბობს, რომ ბაზარზე შემოსვლისას უფრო სწრაფ განვითარებას ელოდნენ, თუმცა იმედს არ კარგავენ.

„2016 წელს, როდესაც ბაზარზე შემოვედით, სულ 20 ელექტრომობილი იყო რეგისტრირებული. გასული წლის მონაცემებით, 2860 ელექტრომობილია. დინამიკა მზარდია, მაგრამ არა საკმარისი. გვქონდა გამოწვევები სავალუტო კრიზისების სახით, ასევე პანდემია და ახლა ომი, თუმცა ამ ბიზნესს გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ უფრო სწრაფ განვითარებას ველოდით. ჩვენი გათვლებით, მაქსიმუმ ორ წელში ეს ზრდა უნდა დაჩქარდეს,“ – აცხადებს შავიშვილი.

ცნობისთვის, E-Space უკვე 6 წელია საქართველოში ელექტრომობილების დამტენებს ამონტაჟებს. გარდა ამისა, კომპანიის სერვისის მიღება, ელექტრომობილების დამუხტვა მომხმარებელს, რამდენიმე ადგილას, მათ შორის თბილისში, ევროპის მოედანსა და კუს ტბის მიმდებარედ შეუძლია. E-Space-ის ქსელში ელექტრომობილის დატენვის საფასური 100 კილომეტრისთვის საჭირო მუხტისთვის საშუალოდ 10 ლარია.