მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრონული კომერციის ქართული სტარტაპი B2C.GE მეზობელ ქვეყნებში შედის - გეგმები

6196298f53e35
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.21 11:15
1334
ელექტონული კომერციის პლატფორმა B2C.GE - მ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან 525 000 ლარის გრანტი მიიღო.
2018 წლიდან მოქმედი სტარტაპი კომპანიებს საშუალებას აძლევს ბიზნესებს მარტივად და დამოუკიდებლად, ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე, სრულყოფილი ონლაინ მაღაზიის შექმნისა და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვების დაწყების საშუალებას აძლევს.

BM.GE-მ მოპოვებული ფინანსური რესურსის გამოყენებისა და კომპანიის განვითარების გეგმების შესახებ, სტარტაპის დამფუძნებელს ქეთევან ვაჩიბერიძეს ჰკითხა, რომელმაც აღნიშნა, რომ GITA - ს გრანტს სტარტაპი საერთაშორისო ბაზრების ათვისებისთვის გამოიყენებს. მისი თქმით, კომპანიას დღეისთვის უცხოურ ბაზრებზე ინტეგრაციის ტესტირება უკვე დაწყებული აქვს.

„კომპანიას განვითარების გეგმები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ აქვს. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 525 000-ლარიან გრანტსაც ამ კუთხით გამოვიყენებთ. აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი პირველი ბაზრები იქნება, სადაც B2C.GE თავის სერვისს გავიტანთ და იქაური მომხმარებლისთვის ელექტრონულ კომერციას ხელმისაწვდომს გავხდით. აზერბაიჯანსა და სომხეთში პილოტირება უკვე დაწყებული გვაქვს, და 2022 წლის პირველ ნახევარში ბაზარს სრულფასოვნად მოვიცავთ, ხოლო 2022 წლის მეორე ნახევრიდან უზბეკეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის ათვისებაზე დავიწყებთ მუშაობას“, - აღნიშნა ქეთევან ვაჩიბერიძემ.



კომპანიის თანადამფუძნებელი ახალ ბაზრებზე შესვლის მოლოდინებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ ქვეყნებში B2C.GE-ის ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის შეთავაზებული გადაწყვეტა მნიშვნელოვანია.

„კომპანია იმ ქვეყნების მოთხოვნებს, სადაც შევდივართ, ზუსტად პასუხობს და თუ შევაფასებთ პერსპექტივებს, ის პარტნიორი კომპანიები, რომელიც ჩვენ თითოეულ ქვეყანაში გვეყოლება ბანკები იქნება, მარკეტინგული, თუ სხვა ტიპის კომპანიები აქტიურად გვიკავშირდებიან და მათთან ერთად პროექტების განხორციელებას უკვე ვიწყებთ“, - უთხრა BM.GE-ის B2C.GE-ის დამფუძნებელმა.

მისი თქმით, კომპანიის გაფართოებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა ადგილობრივად გაიზრდება და უცხო ქვეყნებში კი ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება, თუმცა დეველოპმენტის ნაწილი - პროგრამული უზრუნველყოფა და პლატფორმის საქართველოდან მოხდება.

„პანდემიის დროს ელექტრონული კომერციაზე გაზრდილმა მოთხოვნამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ამასთან, კონკრეტულად 2020 წელს B2C.GE-ის პარტნიორი კომპანიების რიცხვი გასამმაგდა, ხოლო 2021 წელს კიდევ უფრო გაიზარდა და დღეს საქართველოში 600-მდე ონლაინ მაღაზია როგორც ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ისე საერთაშორისო, გლობალური ბრენდებისთვის ოპერირებს“, - ამბობს ქეთევან ვაჩიბერიძე.

აღსანიშნია, რომ კომპანია 2018 წლის ბოლოს დაარსდა, 2019 წლის დასაწყისში სტარტაპმა GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გაიმარჯვა და მიღებული გრანტი პლატფორმის სრულყოფას მოხმარდა. 2020 წლის შემოდგომაზე კომპანიამ 500Startups - ის აქსელერაციის პროგრამა გაიარა, რაც მას საერთაშორისო ბაზარზე გასვლისთვის და ინვესტიციების მოზიდვის პროცესისთვის მომზადებაში დაეხმარა.