მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ელექტრონული პლატფორმის ამოქმედებაზე ვმუშაობთ“ – „ესკი“

647480699047f
ნანუკა ნარიმანიძე
29.05.23 21:35
745
სოციალური კონცეფციის მაღაზია "ესკი" ელექტრონული პლატფორმის ამოქმედებაზე მუშაობს - ამის შესახებ „სოციალურ საწარმოთა ალიანსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და "ესკის" თანადამფუძნებელმა სალომე კუსიანმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„ესკი“ ეხმარება იმ სოციალურ საწარმოებს, რომლებსაც შეზღუდული ფინანსების გამო არ აქვთ საკუთარი სივრცე პროდუქციის სარეალიზაციოდ. დამატებით შოურუმი ცნობადობას ზრდის თითოეული სოციალური საწარმოს შესახებ, რაც მომავალში კერძო სექტორსა და სოციალურ საწარმოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ „ესკის“ ელექტრონული პლატფორმის ამოქმედებაზე, რათა სოციალური საწარმოების პროდუქციაზე გავზარდოთ ხელმისაწვდომობა მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენთვის რეგიონებთან თანამშრომლობა და ცნობადობის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მან.

ამასთან, სალომე კუსიანმა მაღაზიის გახსნის იდეაზე, არსებულ პროდუქციაზე და საფასო სეგმენტზე ისაუბრა.

„მომხმარებლის მხრიდან ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო წლის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონოდათ ერთ სივრცეში ენახათ და შეეძინათ სოციალური საწარმოების პროდუქცია და ეს არ ყოფილიყო ერთჯერადი გამოფენა-გაყიდვა წლის სხვადასხვა მონაკვეთში, სწორედ ამიტომ, გავხსენით ჩვენი მაღაზია, სადაც მომხმარებელი მრავალფეროვან ნივთებს შეხვდება, მათ შორისაა: კერამიკის ნაწარმი, ხის სათამაშოები, თექის ნახატები, აქსესუარები, ჩანთები, წინდები და ა.შ., ვცდილობთ მომხმარებელს ისეთი ფასი შევთავაზოთ, რომ ქართველებს შეძენის შესაძლებლობა ჰქონდეთ, ხშირ შემთხვევაში უცხოელი მომხმარებლები უფრო აქტიურობენ“, - განმარტა მან.

სოციალური კონცეფციის მაღაზია ამ ეტაპზე 25-ზე მეტი სოციალური საწარმოს 350-ზე მეტი დასახელების ხელნაკეთ ნივთს სთავაზობს მომხმარებელს.

„მაღაზიამ პირველად გააერთიანა ქართველი სოციალური მეწარმეების პროდუქცია ერთ სივრცეში, „ესკი“ 2022 წლის 16 სექტემბერს გაიხსნა და ამ მოკლე ხანში უკვე ვიღებთ უკუკავშირს სოციალური საწარმოებისგან და მომხმარებლისგან“, - დასძინა მან.

ცნობისთვის: სოციალურ საწარმოთა ალიანსი 2016 წელს დაფუძნდა, ორგანიზაციის შექმნის იდეა სოციალური საწარმოების გაერთიანებას უკავშირდება, დღეს ალიანსის რიგებში 50-მდე სოციალური საწარმოა, ორგანიზაციის მიზანია ეკოსისტემის განვითარებაზე ზრუნვა, მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერება და სოციალური საწარმოების შექმნის ხელშეწყობა. სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკი“ ნატო ვაჩნაძის 7 ნომერში მდებარეობს.