მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ელექტრონული რეცეპტული სისტემის შემოღებით არაეთიკური მარკეტინგი უნდა აღიკვეთოს“ - ზოიძე

61e014e1c3b7e
თათია ჩაფიჩაძე
13.01.22 22:24
612
ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ წამლებზე მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხების შემცირების მთავარი გზა არაკეთილსინდისიერ მარკეტინგთან ბრძოლაზე გადის, რომელიც გამჭვირვალე ელექტრონული რეცეპტების შემოღებით უნდა მოხერხდეს.

როგორც ზოიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, თურქეთის ბაზრის გახსნა ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების შემცირების ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ქართული მხარე თურქეთის მარეგულირებელთან მჭიდროდ თანამშრომლობდეს.

მნიშვნელოვან საკითხებს შორის სახელდება ასევე ადმინისტრაციული ბარიერების მოხსნაც.

„დიდი ხანია ამ თემაზე საუბარი მიდის და ახლა დაანონსდა, თუმცა თავად პრობლემაა კომპლექსური და გადაწყვეტაც უნდა იყოს კომპლექსური. 2 წლის წინ ჩვენ გავაკეთეთ მოკვლევა ხელმისაწვდომი ხარისხიანი წამლის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ და მაშინ საკმაოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები დაიდო. ერთ-ერთი იყო სწორედ თურქეთის ბაზრის გახსნა, თუმცა იქვე მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ ეს უნდა მომხდარიყო წინასწარი პირობების დაკმაყოფილებით, ანუ უნდა ჰქონოდა ჩვენს მარეგულირებელს ცოცხალ რეჟიმში კომუნიკაცია თურქეთის მარეგულირებელთან რომ ავიცილოთ თავიდან ფალსიფიცირებული პარტიების შემოტანა. ჯერ კიდევ შარშანწინ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ამ მიზნით თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეს წვდომა შესაძლებელი ყოფილიყო მათ მონაცემთა ბაზებზე. თუმცა ეს არის ერთი ნაწილი. აქ საუბარია ასევე საბაზრო და რეგულირების მექანიზმების კომბინაციაზე. ნებისმიერი ადმინისტრაციული ბარიერი უნდა მოვხსნათ.

მეორე და მნიშვნელოვანი საკითხია არაეთიკური მარკეტინგის აღკვეთა, რომელიც ორი გზით უნდა მოხერხდეს. ერთი ელექტრონული რეცეპტული სისტემის შემოტანით. ნებისმიერი ექიმი, რომელიც უწერს პაციენტს წამალს, უნდა იყოს გამჭვირვალე და თუკი კონკრეტული კლინიკა, მენეჯერი თუ ექიმი იქნება ჩართული არარაციონალური წამლების გამოწერის სქემაში ფინანსური დაინტერესების მიზნით, მათ წინააღმდეგ უნდა იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული ზომებიდან დაწყებული ე.წ. შერცხვენის პრინციპით დამთავრებული ყველა ბერკეტი", - განაცხადა ზოიძემ.

შეგახსენებთ, მედიკამენტების გაიაფების მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის ბაზრის გახსნას აპირებს. დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ მთავრობა თურქეთის იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეყვანას აპირებს, საიდანაც მედიკამენტები ქართულ ბაზარზე ე.წ პარალელური იმპორტის გზით შემოდის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავის დროზე თურქეთი აღნიშნული ქვეყნების ჩამონათვალში ფალსიფიკაციის მხრივ მაღალ რისკიანობის მიზეზით ვერ მოხვდა.