მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელ.კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა დღეს გაიმართება

5f0c1bdd45477
თელარა გელანტია
14.07.20 09:00
1299
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის საკომიტეტო საკომიტეტო მოსმენა დღეს გაიმართება.

ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა.
საქმე იმაშია, რომ კანონ-პროექტის განხილვა 13 ივლისს იყო დაგეგმილი, მაგრამ კაკულიას ინიციატივითვე გადაიდო.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი გაწვეული იქნება, ხოლო რაც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, ჯერჯერობით პროვაიდერებსა და კომუნიკაციების კომისიას შორის კონსენსუსი არ შემდგარა. შესაბამისად, ჩემი შეთავაზება კომიტეტისთვის არის, რომ განხილვა დრეს გადაიდოს და 14 ივლისს განვიხილოთ, რათა ეს დრო შეთანხმების მისაღწევად გამოვიყენოთ. მაქსიმალურად უნდა იქნას მიღწეული კონსენსუსი პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის. გასაგებია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობაზე, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს აუცილებელი ზედამხედველობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მაქსიმალური ურთიერთგაგება მარეგულირებელსა და იმ კომპანიებს შორის, რომელთაც ეხება ეს კანონპროექტი. ასეთი შეხვედრა შედგა შაბათს (11 ივლისს) და ვფიქრობ, კიდევ არის დარჩენილი რესურსი შემდგომი შეთანხმებისთვის“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ცნობისთვის: მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს. სპეციალურ მმართველს კი საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება, მათ შორის შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გახსვისება აუქციონის წესით.

კანონპროექტში სავარაუდოდ, სწორედ ეს მუხლი შეიცვლება და სპეც.მმართველს კომპანიის აქტივების გასხვისების უფლება აღარ ექნება, თუმცა კანონპროექტის არსებულ რედაქციაში კვლავ შენარჩუნებულია მუხლი, რომელიც კომპანიებში სპეც.მმართველის დანიშვნას გულისხმობს. ეს არის ინიცირებულ კანონპროექტში ერთ-ერთი პუნქტი, რასაც ბიზნესი არ ეთანხმება.