მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ელმავალმშენებელის” ქარხანა 80%-იანი ფასდაკლებით, 19.5 მილიონ ლარად გაიყიდა

64132ec529aeb
შოთა ტყეშელაშვილი
16.03.23 19:01
3035
დღეს დასრულდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებული აუქციონი, რომელზეც “ელმავალმშენებლის” ქარხანა 19.5 მილიონ ლარად გაიყიდა. ეს ქარხნის პირვანდელ ღირებულებასთან, 97.6 მილიონ ლართან შედარებით 80%-ით ნაკლებია. აუქციონზე თბილისში, გურამიშვილის გამზირზე არსებული 22 ჰექტარის უძრავი ქონება და ქარხნის მანქანა-დანადგარები გაიყიდა.

ეს “ელმავალმშენებლის” ქარხნის რიგით მესამე აუქციონი იყო. წინა ორი აუქციონი მყიდველების არარსებობის გამო ჩაიშალა, ამიტომაც ქარხნის საწყისი ღირებულება 97.6 მილიონი ლარიდან 4.9 მილიონ ლარამდე შემცირდა. მესამე აუქციონზე გამოჩდნენ პოტენციური მყიდველები და ვაჭრობა სამი ბიჯის შემდეგ დასრულდა.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში BMG-ის განუცხადეს, რომ შემძენმა ობიექტის საფასური 10 დღის ვადაში უნდა დაფაროს, სწორედ თანხის გადახდის შემდეგ გაასაჯაროებენ მყიდველის ვინაობას. იქამდე კი ქარხნის აქტივების მფლობელის ვინაობა უცნობი იქნება.

“ელმავალმშენებლის” ქარხანა აუქციონზე გადაუხდელი ვალდებულებების გამო გამოვიდა. საქალაქო სასამართლოს 9 იანვრის განჩინებიდან ირკვევა, რომ ელმავალმშენებელ ქარხანას “საქართველოს ბანკის” მიმართ 15 მილიონი ლარის საკრედიტო დავალიანება აქვს, ასევე კომპანიას გააჩნია 20 მილიონის ვალი სხვა კრედიტორთა მიმართაც.

აქამდე “ელმავალმშენებლის” 87%-იანი წილი ოფშორში რეგისტრირებულ რუსულ კომპანია “ლოკო ტრანსს” ეკუთვნოდა. კომპანიის 12%-იან წილს კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს.

გუშინ ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ფასიანი ქაღალდების ეროვნულ რეგისტრს უფლება მისცა დაარეგისტრიროს ჯერ კიდევ 2022 წლის 16 მარტს გაფორმებული აქციების გადაცემის ხელშეკრულება “ლოკო ტრანსსა” და კომპანია “თბილის ტრანსფერს” შორის, რომელიც “ელმავალმშენებელს” 2 მილიონ დოლარად იყიდის.
BMG-ის კომპანია “თბილისი ტრანსფერის” დირექტორმა ირაკლი ჭითანავამ განუცხადა, რომ ისინი ქარხნის აქტივების აუქციონის გზით გასხვისებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

რაც შეეხება კომპანია "თბილისი ტრანსფერს", ის 2015 წელს არის დაფუძნებული, ხოლო მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ირაკლი ჭითანავაა.