მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Elven Technologies: მეხანძრის ცეცხლგამძლე უნიფორმა წლის ბოლოსთვის მზად გვექნება

5f9c10f5114d8
ვიქტორია მღებრიშვილი
30.10.20 18:39
1902
ინოვაციური ტექნოლოგიების კომპანია Elven Technologies-ი 2019 წლის გაზაფხულიდან მეხანძრის ცეცხლგამძლე აღჭურვილობის შექმნაზე მუშაობს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე BM.GE-ისთან საუბრისას განმარტავს, უნიფორმის შექმნა დასკვნით ეტაპზეა და საბოლოოდ მისი პროტოტიპი მზად 2020 წლის დეკემბერში იქნება. მისივე თქმით, პანდემიამ ინვესტიციების მოზიდვა გაართულა, რამაც უნიფორმაზე მუშაობის პროცესი შეანელა.

„პანდემიამ ძალიან შეგვაფერხა, პროტოტიპი მზად აგვისტოს ბოლოს უნდა გვქონოდა. მოგეხსენებათ, ინვესტორები, ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებიდან გამომდინარე, ინვესტიციების ჩადებისას ფრთხილობენ... საგანგებო მდგომარეობამდე ვგეგმავდით ფიზიკური პროდუქტის დემონსტრირებას, რომელზეც 20 ქართველი ინვესტორი გვყავდა მოწვეული, თუმცა ზუსტად იმ კვირას "ლოქდაუნი" დაიწყო და გავჩერდით. მუშაობა კოსტიუმის პროტოტიპზე 2 თვის წინ განვაახლეთ“, - განაცხადა მეხანძრის ცეცლგამძლე უნიფორმის შექმნის იდეის ავტორმა.

ვამეხ ხერხეულიძე ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, გუნდმა საჭირო რესურსების მოძიებაც შეძლო და დღეისთვის მეხანძრის ცეცხლგამძლე ქურთუკზე მუშაობა დასრულებული აქვთ და ახლა მხოლოდ შარვლის პროტოტიპია დასამთავრებელი. მისივე ინფორმაციით, დღემდე პროექტი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი და ევროსაბჭოს 30 000 ევროიანი გრანტით ხორციელდებოდა. პროექტის გაგრძელებისთვის კი, ავტორებს დამატებით 150 000 დოლარი ესაჭიროებათ.

„ეს თანხები სექტემბრისთვის სრულად ამოვწურეთ. წესით 2021 წლის დასაწყისიდან უნდა დავიწყოთ 6-თვიანი საპილოტე პროექტი ქართველ მეხანძრეებთან ერთად. ეს მოიცავს ეკიპირების წარმოებისთვის მცირე საწარმო აწყობას, რამდენიმე სახის პატენტის მიღებას და ქართველ მეხანძრეებთან ერთად მეხანძრის აღჭურვილობის 6 თვიანი ლაბორატორიული და საველე გამოცდის გავლას. 2021 წლის ზაფხულისთვის უნიფორმა უკვე მზად უნდა გვქონდეს, რისთვისაც დამატებითი ინვესტიციებია საჭირო.

ახლა, ინვესტიციების აქტიური მოძიების პროცესში ვართ. ამ 150 000 დოლარიდან 65 000 დოლარზე, GITA-ს 650 000 ლარიანი გრანტის ნაწილზე გვაქვს განაცხადი შეტანილი, დარჩენილი 75 000 დოლარის ნაწილი - 20 000 დოლარი, ჩვენს პროექტში ქართველი „ენჯელ ინვესტორების“ შენატანია, ხოლო 55 000 დოლარი მოსაძიებელი გვაქვს, რისთვისაც კვლავ ქართველ ინვესტორებს მივმართავთ“, - ამბობს ვამეხ ხერხეულიძე და დასძენს, რომ გუნდი საბოლოო გამოცდილი პროდუქტისთვის სარეალიზაციო ბაზრები უკვე მოძიებული აქვს და დასაწყისისთვის რეგიონის ქვეყნებზე ორიენტირდება, თუმცა მეხანძრის ცეცხლგამძლე უნიფორმის წარმოებისთვის მათ სრულყოფილი საწარმოო ხაზის აწყობა და დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება დასჭირდებათ.

„რეალიზაციის კუთხით ახლა რეგიონის ქვეყნებზე ვკონცენტრირდებით - ეს არის სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი, რადგან რეგიონულ ბაზარზე უფრო მარტივი იქნება შესვლა, ვიდრე ამერიკას და ევროპაში, რადგან ამერიკული და ევროპული სერტიფიცირების მოპოვებას, დაახლოებით, 1 წელი უნდა და გაცილებით დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამასთან გვქონდა კომუნიკაცია ლატვიელებთან და ავსტრალიასთანაც, თუმცა კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა Elvin Technologies-ის დამფუძნებელმა.