მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ემბარგო, ფასის ლიმიტი, რუსეთის და OPEC-ის გადაწყვეტილებები | რა ხდება ნავთობის ბაზარზე?

638d9b1388ff4
გიორგი თოლორდავა
05.12.22 15:24
737
მიმდინარე კვირას საერთაშორისო ენერგეტიკული ბირჟა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის წინაშეა, ინვესტორებსა და ტრეიდერებს კი საწინააღმდეგო ფაქტორების გაანალიზება და რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.

დავიწყოთ იმით, რომ გასულ კვირას ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მიაღწიეს კომპრომისულ შეთანხმებას რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების შესახებ, ზედა ზღვრად კი ბარელ ნავთობზე 60 დოლარი განისაზღვრა.

კანონმდებლების შეფასებით, აღნიშნული სანქცია რუსეთს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ ბაზარს ნავთობის მიწოდება არ შეუწყვიტოს, თუმცა თავად მისი საბიუჯეტო შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირება, რადგან რუსული ნავთობი Brent-თან შედარებით თითქმის 20 დოლარით იაფად გაიყიდება.

ოფიციალური კრემლის განცხადებით, ფასის ლიმიტს რუსეთის მთავრობა სასტიკად ეწინააღმდეგება და უახლოეს მომავალში მოსკოვი საპასუხო ზომასაც აუცილებლად მიიღებს. კრემლის მიერ აქამდე გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ რუსეთი მზადაა ნავთობის მიწოდება სრულად შეუწყვიტოს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ფასის ლიმიტს დააწესებენ.

აღსანიშნავია, რომ ფასის ლიმიტი არა მარტო ევროკავშირის, არამედ "დიდი შვიდეულის" წევრი სახელმწიფოების მასშტაბით იმოქმედებს, რაც იმას გულისხმობს, რომ რუსეთი 60 დოლარზე ძვირად საკუთარ ნავთობს აშშ-ში, კანადაში, დიდი ბრიტანეთსა და იაპონიაშიც ვერ გაყიდის.

ფასის ლიმიტის გარდა, გასათვალისწინებელია საზღვაო გზით გადაზიდვად რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგოს ამოქმედების საკითხიც. სწორედ დღეს EU-ს მასშტაბით ტანკერებით რუსული ნავთობის იმპორტი აიკრძალა, გამონაკლისი კი მხოლოდ მილსადენზე დაიშვება, რასაც საერთო მიწოდებაში მიზერული წილი აქვს.

ემბარგოს, ფასის ლიმიტისა და რუსეთის მთავრობის მუქარის ფონზე, OPEC-მა საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ OPEC-მა მოსკოვის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე შედარებით ნეიტრალური ტენდენციით დაიწყო, ნავთობის ფასები დაახლოებით 0.5%-ით გაიზარდა და ამჟამად ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის 86 დოლარად ივაჭრება, WTI Crude-ის ფასი კი 80 დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება უშუალოდ რუსულ ნავთობს, გასულ კვირას ბარელი Urals-ის ფასი 64 დოლარზე დაიხურა, მიმდინარე კვირის სავაჭრო სესია კი ჯერაც არ დაწყებულა.