მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ბაზრის მოლოდინები

60075c4813687
ეგნატე შამუგია
21.01.21 09:45
2478
გასული წლის ბოლოს ნავთობის ბაზარზე არსებული დადებითი მოლოდინები ოდნავ შეიცვალა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, ნავთობზე მოთხოვნა 2021 წელს დღეში საშუალოდ 0.6 მლნ ბარელით ნაკლები იქნება, ვიდრე ეს ნოემბრის პროგნოზით იყო. სააგენტოს შეფასებით, მიმდინარე წელს ნავთობზე მოთხოვნის ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი 96.6 მლნ ბარელი იქნება, რაც გასულ წელს საშუალოდ 91.1 მლნ ბარელი იყო. საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირება კი, ეპიდემიოლოგიური მდგომარების გაუარესების გამო შეზღუდვების გამკაცრებას უკავშირდება. მიუხედავად იმუნიზაციის პროცესის დაწყებისა, რიგ ქვეყნებში ზომების გაფართოვდა, რაც მობილობის შემცირებაში აისახა. ნავთობზე მოთხოვნის შემცირება კი, კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონზე უარყოფითად აისახება, რადგან რეგიონის უმსხვილესი ეკონომიკები ნავთობექსპორტიორი ქვეყნებია. მათთან კი, საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა გააჩნია. პირველ რიგში, ასეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები - რუსეთი და აზერბაიჯანია. რეგიონის ეკონომიკებს ნავთობის შოკი სწორედ საგარეო ვაჭრობის არხიდან გადაეცემა, რადგან მათ შორის საქონელი და მომსახურების გაცვლა მჭიდრო მიმდინარეობს.
 
ფიგურა 1: გლობალურად საწვავის მოხმარების და ნედლი ნავთობის ფასი, თვეების მიხედვით
წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია

აშშ-ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის შეფასებით, გასულ წელს საწვავის დღიური საშუალო გლობალური მოხმარება 92.2 მლნ ბარელი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 8.9%-იანი კლებაა. აპრილში დღიური მოხმარება 80.6 მლნ ბარელამდე დაეცა, ხოლო ნედლი ნავთობის ფასი კი, ბოლო ოცწლიანი პერიოდის მინიმუმზეა. 2020 წლის აპრილში ნედლი ნავთობის საშუალო ღირებულება 18.4 დოლარს შეადგენდა, რაც უკვე მაისიდან გაზრდილი მოთხოვნის და ნავთობკარტელის მიერ მოპოვების შემცირების შედეგად გაიზარდა. მყისიერი ვარდნის შემდეგ, იანვრის შუა პერიოდში განახლებული პროგნოზების მიხედვით, საწვავის მოხმარება პანდემიამდე არსებულ დონეს შეიძლება 2022 წლისთვის დაუბრუნდეს. მომდევნო წელს საშუალო დღიური მოხმარების 101.1 მლნ ბარელამდე ზრდაა ნავარაუდევი. ამავე პერიოდში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასების საშუალო ნიშნული კი, ბარელზე 53.1 დოლარითაა პროგნოზირებული, თუმცა, გლობალური განუსაზღვრელობა და ნავთობის ექსპორტიორთა ორგანიზაციის წევრებს და სხვა ნავთობექსპორტიორებს შორის ნავთობის მოპოვების მოცულობაზე შეუთანხმებლობის რისკები ფასებზე მორგი დარტყმის ალბათობას ზრდის. იმუნიზაციის პროცესის პარალელურად მოთხოვნის კუთხით არსებული რისკები მცირდება, მაგრამ რუსეთი და ყაზახეთი თებერვალ-მარტში მოპოვების გაზრდას აპირებენ, ხოლო ამ ფონზე საუდის არაბეთის ნებაყოფლობითი დაპირებაა ნავთობმოპოვების შემცირების შესახებ. თუკი ეს უკანასკნელი დაპირებას არ შეასრულებს ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი მოსალოდნელ 52.0 -53.0 დოლარზე ნაკლები იქნება.

ამდენად, რეგიონის ეკონომიკაზე ნავთობიდან შოკი კვლავ მოსალოდნელია, რაც პირველ რიგში, ევროპის რიგ ქვეყნებში შეზღუდვების გამკაცრებას და კარტელური გარიგებების ნაწილს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ რეგიონის უმსხვილესი ნავთობექსპორტიორების საექსპორტო ეკონომიკა ევროპაა, ხოლო ევროპის რიგმა ქვეყნებმა ზომები გაამკაცრა. მათ შორის, სრულად ჩაკეტილია გაერთიანებულ სამეფო, რომლის გახსნა ყველაზე ადრე, იანვრის ბოლოს უელსში იგეგმება, ხოლო ყველაზე გვიან, მარტის ბოლოს - ინგლისში. ევროპის უდიდესი ეკონომიკის - გერმანიის შემთხვევაში გამკაცრებული ზომები 14 თებერვლამდე იმოქმედებს. შეზღუდვების შედეგად შემცირებული მობილობა კი რეგიონის ქვეყნებიდან ნავთობის მოთხოვნის შემცირებაზე აისახება. დღევანდელი მდგომარეობით კი, მიმდინარე წლისთვის ევროპაში საწვავის დღიური მოხმარება საშუალოდ 13.5 მლნ ბარელის მოცულობითაა ნავარაუდევი, რაც გასული წლის მეორე ნახევრის მაჩვენებელს უტოლდება. მოხმარების ზრდა კი წლის მეორე ნახევრიდანაა პროგნოზირებული, რაც დღეში საშუალოდ 14.1 მლნ ბარელს მიუახლოვდება. შესაბამისად, გასული წლის ბოლოსთან შედარებით, 2021-ის პირველ ნახევარში რეგიონის ეკონომიკებისთვის ნავთობის კუთხით მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება ნაკლებად მოსალოდნელია.

<ბლოგის ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს bm.ge-ის რედაქციის პოზიციას>