მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვა რთულდება“ - რა უნდა გააკეთოს მთავრობამ?

5fa56b59bdbe9
თელარა გელანტია
07.11.20 15:40
1393
მდინარე რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა ჯვრის აღმართვით გააპროტესტა. 29 ოქტომბერს ჯვარი იმ ტერიტორიაზე აღმართეს, სადაც ამჟამად მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 23 ოქტომბერს დაწყებული აქციები დღემდე გრძელდება. აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან "ნამახვანიჰესის" ინვესტორის - კომპანიის „ენკას“ წასვლას ითხოვენ. ამ დრომდე კომპანია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს; დუმილის რეჟიმშია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროც.



აღსანიშნავია, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივები თუ მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი ჰესის მშენებლობას სხვადასხვა ფორმით აპროტესტებს და ინვესტორს მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს. სხვადასხვა ინციდენტები იყო „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობისას, ასევე, "ნენსკრაჰესის" და პანკისის ხეობაში „ხადორი 3“-ის მშენებლობისას.

რა გავლენა აქვს პროტესტის მსგავს ფორმებს დარგის საინვესტიციო მიმზიდველობაზე და ზოგადად, ქვეყანაზე და როგორი უნდა იყოს მთავრობის როლი და რეაქცია მსგავს ფაქტებზე? - ვიდრე ხელისუფლება დუმს, bm.ge-მ ამ კითხვით ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართა.

"არ მინდა დავიჯერო, რომ ის, რაც ნამახვანში მოხდა, არის ის რეალობა, რომელსაც უკან ვერ მოვაბრუნებთ“, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ მთავრობამ ადგილობრივი მოსახლეობა და ინვესტორი „ერთი ერთზე არ უნდა დატოვოს“.

„ადრეც მითქვამს და ახალს არაფერს ვიტყვი - ენერგეტიკა ის სფეროა, სადაც მთავრობა უფრო აქტიური უნდა იყოს, რადგან ინვესტორის ერთი ერთზე ადგილობრივ მოსახლეობასთან დატოვება ან თუნდაც პოლიტიკურ თუ სხვა ჯგუფებთან, არის დიდი შეცდომა. თუ ჩვენ ერთი ერთზე დავტოვებთ ინვესტორს მოქალაქეებთან, არცერთი ინვესტორი არ გააგრძელებს საქმიანობას და ვინც აპირებს შემოსვლას, ისიც გაიქცევა. თუ მთავრობამ გააფორმა მემორანდუმი ინვესტორთან გარკვეულ ნაწილში პრობლემების მოგვარების ვალდებულება აიღო, მათ შორის უნდა შედიოდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია და ცნობიერების ამაღლება. თუ ამას ვერ ვაკეთებთ, ყველა მშენებლობა გაჩერდება და დავბრუნდებით იმ სიბნელეში, სადაც 1990-იანებში ვიყავით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

მისივე თქმით, ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება და თუ გენერაციის ახალი ობიექტები არ აშენდა, „ქვეყანა ჩაბნელდება“.

BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაწილში ხელისუფლება გააქტიურდება. „სხვანაირად ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

“მთავრობაც და ბიზნესიც ჰესების მოწინააღმდეგეებთან საინფორმაციო კამპანიას აგებს“ - აცხადებს bm.ge-ისთან „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი.

ის ფიქრობს, რომ თუ სახელმწიფომ ინვესტორებთან სწორი სიგნალები არ გაგზავნა, სოციალურ პრობლემებს ბოლო არ უჩანს და ამ ვითარებაში მუშაობა და ინვესტირება ძალიან რთულია.

“მთავარი პრობლემა და გამოწვევა არის სოციალური პრობლემები. სოციალური თვითშეგნება, სამწუხაროდ, არ არის იმ დონეზე, როგორზეც საჭიროა. მოსახლეობა განიცდის ინფორმაციის დეფიციტს იმაზე, თუ რა სარგებელი ან ზიანი მოაქვს ჰესის მშენებლობას. პროექტების შეფერხებით იზრდება ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე; ჩვენი ღრმა რწმენით, ამას მეზობელი ქვეყნებიც მხარს უჭერენ, რომ მუსირებდეს ის აზრი, რაც დღესა, რათა პროექტები შეჩერდეს, მათ შორის მსხვილი ჰესების მშენებლობა“, - აცხადებს აბრამიშვილი.

ენერგეტიკოსის აზრით, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ფონზე საინვესტიციო პროექტების ვერგანხორციელებით თუ დროში გაჭიანურებით, ქვეყანა სერიოზულ პრობლემებამდე მივა, რაც მეზობელ სახელმწიფოებზე კიდევ უფრო მეტ დამოკიდებულებას გამოიწვევს.

“საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორს მიაჩნია, რომ მთავრობამ ერთი მხრივ, კომუნიკაციის მასშტაბური სტრატეგია უნდა შეიმუშაოს და მეორე მხრივ, თუ პროტესტის გამოხატვისას კანონდარღვევას აქვს ადგილი, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

"ნამახვანი ჰესის" მოსამზადებელ სამშენებლო ტერიტორიაზე მომხდარი და სხვა მსგავსი ფაქტების შეფასებისას კი გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ „კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს“.

„უნდა აღიძრას საქმე და შესაბამისი პირებიც უნდა დაისაჯონ, რათა ამ ყველაფერს ცუდი გაგრძელება არ მოჰყვეს და ყველასთვის გასაგები იყოს, რომ კანონი კანონია და სახელმწიფო არის სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი ავტორიტეტი და თუ ის წყვეტს, რომ ესა თუ ის ჰესი უნდა აშენდეს, ტარდება კვლევები და გასცემს შესაბამის ნებართვებს, მაშინ ამ პროექტის და ინვესტორის დაცვაც უნდა შეძლოს. სხვა შემთხვევაში მსგავსი მაგალითები ძალიან ცუდი სიგნალია ინვესტორებისთვისაც და უფრო და უფრო რთულდება ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვა“, - აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.