22.ივნისი .2022 21:10

ენერგეტიკაში PPA მექანიზმის დაბრუნებას ვაპირებთ - პრემიერი

ენერგეტიკაში PPA მექანიზმის დაბრუნებას ვაპირებთ - პრემიერი
views 1209
უკან

პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა გეგმავს ინვესტორებს ენერგეტიკის განვითარების ახალი პროგრამა წარუდგინოს. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა აპირებს ე.წ PPA ანუ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები დააბრუნოს, რაზეც როგორც ცნობილია, 2017 წლის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით მორატორიუმია გამოცხადებული. 

"ენერგეტიკის განვითარება ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. აქტიურად ვმუშაობთ სავალუტო ფონდთან. 2 თვის წინ დავაანონსე, რომ ახალ პროგრამას ვამზადებთ. გვინდა ენერგეტიკის განვითარების ახალი პროგრამა შევთავაზოთ ჩვენს ინვესტორებს. რა თქმა უნდა PPA მექანიზმის დაბრუნებას ვაპირებთ. კონკრეტული გეგმები გვაქვს; სავალუტო ფონდთან გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკება.

ენერგეტიკა უნდა განვითარდეს, გენერაცია უნდა გაიზარდოს. დღეს გვაქვს პირიქით. გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკურ ზრდას და ჩვენ პირიქით გვაქვს. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და გენერაცია ვერ ეწევა. ყოველ წელს იზრდება იმპორტირებული ელ. ენერგის წილი, რაც დიდი პრობლემაა. ყველა რეკომენდაციაში, ჩვენს გამოსვლებში ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა. ჩვენ გვაქვს 26 000 მდინარე და ქვეყანას აქვს უზარმაზარი ჰოდრო პოტენციალი. ამას სჭირდება გონივრული დაგეგმვა და გამოყენება. ამას ემატება ქარის და მზის ელექტროსადგურების განვითარება. დღეს 13 ქარის და 31 მზის სადგურის განვითარების თაობაზე მემორანდუმები უკვე გაფორმებულია.

გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ქარის სადგურების დადგმული სიმძლავრე თითქმის 720 მეგავატია, მზის სადგურებს რაც შეეხება 145 მეგავატს შეადგენს და კიდევ არის ძალიან დიდი მოთხოვნა. ჰიდროც დაემატება, როცა საბოლოდ შევთანხმდებით IMF-თან. ამ პროგრამას წარმოგიდგენთ და ეს იქნება დამატებითი სტიმულის მიმცემი, რომ ასეულობით მილიონი ჩაიდოს ენერგეტკაში. ეს ნიშნავს მეტ ეკონომიკურ ზრდას, მეტ სამუშაო ადგილს და მეტ დოვლათს"-ამბობს პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილის ამ პოზიციისგან რადიკალურად განსხვავებულია ის მემორანდუმი, რომელიც საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გააფორმა. დოკუმენტში საერთოდ არ არის ნათქვამი, რომ მსხვილი ენერგეტიკული პროექტები სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, პირიქით, ფონდთან აღებული ვალდებულებებით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოს ფისკალური რისკების შემცირებაზეა საუბარი.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობა სავალუტო ფონდის ექსპერტებთან კომუნიკაციით შეიმუშავებს ენერგეტიკული პროექტების ფინანსური წახალისების ახალ მოდელს, ხოლო წარსულში გაცემულ და არაშენებულ პროექტებზე გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს (PPA შეთანხმებებს) გააუქმებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა