მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკის მხარდამჭერი სქემის ფარგლებში ESCO-ში ახალი ფონდი შეიქმნება

639446ba812cc
ელენე გოგბერაშვილი
10.12.22 12:43
936
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში საუბარია, როგორი იქნება ელექტროენერგიის ნაწილობრივ დერეგულირებული ბაზრის ახალი სტრუქტურა, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკაში CfD, იგივე ფასთა სხვაობის ხელშეკრულებები ამოქმედდება. როგორც სამინისტრო ამბობს, ელექტროენერგიის ბაზარი სავარაუდოდ დარჩება ნაწილობრივ რეგულირებული და PPA-ების გარდა მოიცავს ფასთა სხვაობის ხელშეკრულებას (CfD) და პრემიალურ ტარიფს (FiPs).

CfD ჰგავს PPA ტარიფებს, თუმცა, PPA-სგან განსხვავებით CfD ორმხრივი მიმართულებით მოიაზრებს ანაზღაურებას. ანუ, ESCO იღებს შემოსავალს, როდესაც CfD ფასი დაბალია საბაზრო ფასებზე და პირიქით, ახორციელებს გადახდებს, როდესაც CfD ფასები საბაზრო ფასებზე მაღალია.

დოკუმენტის მიხედვით, დროთა განმავლობაში, მოსალოდნელია, რომ ელექტროენერგიის ბაზარმა მხოლოდ პრემიალური ტარიფების საფუძველზე დაიწყოს ფუნქციონირება, თუმცა ეს სავარაუდოდ შეუძლებელია, სანამ ბაზარს არ ექნება საკმარისი გამოცდილება. მანამდე კი მოსალოდნელია, რომ ახალი PPA-ების ნაცვლად გაიცეს CfD-ები, არსებული PPA-ები კი, რომლებსაც ჯერ არ განუხორციელებელია ინვესტიცია გენერაციის ახალ წყაროებში, გაუქმდება ან ჩანაცვლდება CfD ხელშეკრულებებით; ხოლო არსებული PPA-ები, რომლებიც ამ ეტაპზე ოპერირებენ, გაგრძელდება მათი ვადის ამოწურვამდე.

როგორც უკვე გაცხადებული აქვს მთავრობას, CfD ხელშეკრულების ფასი დადგინდება აუქციონის წესით. გარდა ამისა, როგორც ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში წერია, მოსალოდნელია, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისთვის ელექტროენერგიის ფასები კვლავ დარეგულირდეს, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ნულოვანი ფასით მიწოდება გაგრძელდეს. აქედან გამომდიარე ESCO გადაიხდის როგორც პრემიალურ ტარიფს, ასევე განახორციელებს ნებისმიერ გადახდებს, რომლებიც დაკავშირებულია არსებულ PPA-ებთან და CfD ხელშეკრულებებთან;

ამ მიზნების განხორციელების მიზნით, ESCO გამოიყენებს ახალ ფონდს (WPSO), სახელწოდებით საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია. ამ ფონდის ფულადი შემოდინება ძირითადად სამ წყაროს მოიცავს: 1) CfD-ის კონტრაქტებთან დაკავშირებული შემოდინება 2) განსხვავებები ენგურჰესისა და ვარდნილის ჰესების რეგულირებულ და საბაზრო ფასებს შორის; 3) დადებითი სხვაობა საბაზრო ფასსა და უნივერსალური სერვისის პროვაიდერებისთვის რეგულირებულ ფასებს შორის.

ამ ფონდის გადინება ასევე სამმაგი იქნება. პირველი, CfD-ის კონტრაქტებთან დაკავშირებული, მეორე, ნეგატიური სხვაობა საბაზრო ფასსა და უნივერსალური სერვისის პროვაიდერებისთვის რეგულირებულ ფასებს შორის და მესამე, ESCO-ს მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხმარებისთვის შეძენილი ელექტროენერგიის ღირებულება. თუ ფონდში დაგროვილი სახსრები არასაკმარისი იქნება, მოსალოდნელია დადგეს აღნიშნულის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შევსების საჭიროება.

მხარდაჭერის ენერგეტიკული სქემიდან წარმოშობილი ფისკალური დანახარჯებისა და რისკების შეფასება მოიცავს საბაზისო სცენარს დაშვებებით, როცა:

მთელი გამომუშავებული ელექტროენერგია ათვისებულია;

საბაზრო ფასები შეფასებულია ელექტროენერგიის მიმდინარე იმპორტის ფასების საშუალო შეწონილის გათვალისწინებით, დოლარში 2 პროცენტით კორექტირებული; 

CfD-ების ე.წ. strike ფასი არის 7 ცენტი;

ფონდი აგროვებს სახსრებს 2023 წლიდან მოყოლებული ფასების პროგნოზების საფუძველზე, მომხმარებელთა მიერ გადახდილი რეგულირებადი ფასი სტაბილური რჩება 2022 წლის მიმდინარე დონეზე;

ახალ ბაზარზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 20 პროცენტს მოიხმარს აფხაზეთის ტერიტორია;

ამ საბაზისო სცენარის მიხედვით, ენერგიის მხარდაჭერის სქემის ღირებულება იქნება მშპ-ს 3% წმინდა დღევანდელი ღირებულებით, თუმცა უფრო პესიმისტური სცენარის პირობებში, ენერგიის მხარდაჭერის სქემის მთლიანი ღირებულება შეიძლება გაორმაგდეს.

როგორც ცნობილია, განახლებადი ენერგიების მხარდამჭერი ახალი სქემის მიხედვით, 15 წლის განმავლობაში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას აუქციონში გამარჯვებულ ფასად შეისყიდოს ელექტროენერგია გარანტირებულად. ამ სქემით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება. ამ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობით კი მთავრობა დაახლოებით 2.2 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ელის.