მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკის სექტორმა ქონების გადასახადის ახალი წესით განაწილების ინიციატივა მოამზადა

61fd4b853e9d3
თელარა გელანტია
05.02.22 13:27
782
„სარგებლის განაწილების ფონდი“ - სავარაუდოდ, ასე ერქმევა ფონდებს მუნიციპალიტეტებში, სადაც განახლებადი ენერგიების პროექტების მფლობელი ინვესტორების მიერ ბიუჯეტში გადახდილი ქონების გადასახადიდან გარკვეული ნაწილი მოიყრის თავს და იმ თემსა თუ სოფელში (ე.წ. ზეგალენის არეალი) მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

ინიციატივა საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციას ეკუთვნის და მისი მთავარი მიზანია, მოსახლეობაში გენერაციის ობიექტების მიმართ არსებული ნეგატიური განწყობების შეცვლა და ასევე, მოსახლეობისთვის იმ სარგებლის განაწილება, რომელიც ენერგეტიკაში ინვესტიციებს მოაქვს.

როგორც BMG-სთან ინტერვიუში განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური დახმარებით, დანიურ კომპანია „კოვის“ დაუკვეთეს კვლევა - „სარგებლის განაწილება საქართველოში ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის“ და ანგარიში 2021 წლის ბოლოსკენ მიიღეს. მისივე თქმით, სწორედ საერთაშორისო პრაქტიკის და ქართული რეალობის გათვალისწინებით, ენერგეტიკის სექტორმა ქონების გადასახადის ახალი წესით განაწილების ინიციატივა მოამზადა და შესაბამისი უწყებებისთვის მის პრეზენტაციას გეგმავს.

გიორგი აბრამიშვილმა BMG-ს ახალი მოდელის ძირითადი არსი გააცნო, რომელიც ქონების გადასახადის სახით ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილი თანხის შედარებით მნიშვნელოვანი ნაწილის ე.წ. ზეგავლენის არეალში ანუ იმ თემსა თუ სოფელში დახარჯვას ითვალისწინებს, სადაც გენერაციის ობიექტი შენდება. სწორედ, ამ მიზნით უნდა შეიქმნას „სარგებლის განაწილების ფონდები“, რომელთაც სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება და ფინანსურ რესურსს ადგილობრივების საჭიროების და სურვილების მიხედვით განკარგავს.

„ჩვენი მოდელის მიხედვით, ენერგეტიკული პროექტების მფლობელების მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით გადახდილი 1%-დან, რომელიც ხშირად მცირე თანხა არ არის - გააჩნია პროექტის ზომას, უნდა გადანაწილდეს ახალი წესით ისე, რომ სარგებელი ნახოს ყველამ, მაგრამ განსაკუთრებით - ზეგავლენის არეალში მცხოვრებმა მოსახლეობამ, ანუ 25% დარჩეს ადგილობრივ ბიუჯეტს, 25% გათანაბრებითი ტრანსფერის სახით გამოიყენოს ცენტრალურმა ბიუჯეტმა და დანარჩენი 50% კი მიიმართოს „სარგებლის განაწილების ფონდში“ და ზეგავლენის არეალში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს მოხმარდეს.

საბოლოო ჯამში, გვსურს მივაღწიოთ იმას, რომ მუნიციპალიტეტებს შორის შეჯიბრებითობა გამოვიწვიოთ და განახლებადი ენერგიების ობიექტების აშენების მოტივაცია გაჩნდეს, რათა სარგებელი ყველამ დაინახოს და იგრძნოს“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს იმედი აქვს, რომ ენერგეტიკის სექტორის ინიციატივა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხარდაჭერას მოიპოვებს და მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი შესაბამის კანონებში ცვლილებას დაამტკიცებს.

პარალელურად, ბიზნესი ზეგავლენის არეალებში მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაციის გააქტიურებას გეგმავს, რათა ქონების გადასახადის ახალი წესით განაწილების ინიციატივის არსსა და „სარგებლის განაწილების ფონდის“ მიზნებისა და ამოცანების შესახებ პოტენციური ბენეფიციარები საქმის კურსში ჩააყენონ.