მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკოსი: აფხაზეთისთვის ელ.ენერგიის უფასოდ მიწოდება ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის სისუსტეა

5fc0a1296b09b
თელარა გელანტია
27.11.20 10:51
1456
არასამთავრობო ორგანიზაცია “მსოფლიო გამოცდილება-საქართველოსთვის” ხელმძღვანელის მურმან მარგველაშვილის განცხადებით, რეაბილიტაციის მიზნით, 2021 წლის იანვრის ბოლოდან ენგურჰესის 3 თვით გაჩერება საქართველოს მთავრობისთვის შეიძლება იყოს შანსი, რომ ბოლო წლებში არსებული ტენდენცია შეიცვალოს.

საქმე იმაშია, რომ ზამთარში "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის, ფაქტობრივად, 100%-ს ოკუპირებული რეგიონი მოიხმარს, ზაფხულის სეზონზე კი, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი 50%-60%-ის ფარგლებშია; არადა 1990-იან წლების ზეპირი შეთანხმების მიხედვით, წარმოებული ელექტროენერგიის 40% - აფხაზეთმა, ხოლო - 60% საქართველოს დანარჩენმა რეგიონებმა უნდა მოიხმაროს. ენერგეტიკოსები ოკუპირებულ რეგიონში ენერგომოხმარების მზარდ ტენდენციას ორი მიზეზით ხსნიან: პირველი - კრიპტოვალუტების წარმოება ანუ ე.წ. მაინინგია, მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ რადგან აფხაზეთს ენგურჰესის წარმოებული ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება, მოსახლეობა დენს ეკონომიურად არ მოიხმარს.

„პრობლემაა ისაა, რომ ენგურჰესთან დაკავშირებით არ გვაქვს თანმიმდევრული, სტრატეგიული გეგმა, როგორ ვიქცევით, რადგან თუ აფხაზეთში ენერგომოხმარების ტენდენციას შევხედავთ, წელსაც კი, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გამო ელექტროენერგიის მოხმარების კლებისა, აფხაზეთში 20%-35%-იანი ზრდაა სხვადასხვა თვეებში. ძალიან მატულობს იმ ელექტროენერგიის მოხმარება, რომელიც ენგურჰესიდან უფასო მიაქვთ; სავარაუდოდ, კრიპტოვალუტის საწარმოებლად იყენებენ და თუ რამე ზომა არ მივიღეთ და მხოლოდ ჩავატარეთ ენგურჰესის რეაბილიტაცია, ვხარჯეთ რესურსები, რომ მერე აფხაზეთის მხარეს უფასოდ მივაწოდოთ ელექტროენერგია, ეს ჩიხში მიმავალი ტაქტიკაა და სტრატეგიის არქონის პირობეში, მხოლოდ ზიანს მოგვიტანს, ამდენად გამოსავალია საპოვნი.

სამწუხაროდ, მიზანს და მასთან მისასვლელ გეგმას ვერ ვხედავ, არაფერი მსგავსი არ მსმენია. ჩვენ აფხაზეთის მხარეს უნდა დავანახოთ და მკაფიოდ დავაყენოთ საკითხი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება ან ჩვენ სხვა საშუალება უნდა გამოვძებნოთ და დავანებოთ თავი ენგურჰესის რეაბილიტაციას და სხვაგან დავიწყოთ სადგურების მშენებლობა. იქნებ ამ ქმედებით დავანახოთ, რომ უფასოდ ელექტროენერგიას სულ ვერ მიიღებენ“, - ამბობს bm.ge-ისთან ინტერვიუში მურმან მარგველაშვილი, რომელსაც უჭირს გააკეთოს პროგნოზი, წელს რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, მაგრამ ღიად აცხადებს, რომ მას, როგორც მოქალაქეს არსებული პოზიცია არ მოსწონს.

„იმ მიდგომას, რომ უფასოდ ვაწვდით აფხაზეთს ელექტროენერგიას, მე ვაფასებ როგორც ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის სისუსტეს. ამ მიმართულებით არ ვმოქმედებთ და მდგომარეობიდან გამოსავალს არ ვეძებთ; არადა ეს საკითხი უნდა დავაყენოთ ყველგან და ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის რეაბილიტაციის პროცესი, საერთაშორისო თანამეგობრობაც უნდა ჩავრთოთ, პირდაპირი მოლაპარაკებაც ვცადოთ, მოკლედ, ყველანაიარი ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ და კომპლექსური მიდგომით უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, რაშიც ახლა ვართ, ესაა უკიდურესად დამაზიანებელი საქართვლოს ეკონომიკისთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, რადგან გვხდის მეტად ენერგოდამოკიდებულს და არ გვაძლევს განვითარების საშუალებას“, - აღნიშნა “მსოფლიო გამოცდილება-საქართველოსთვის” ხელმძღვანელმა.

Bm.ge-ის კითხვაზე - ოკუპირებული აფხაზეთის უფასოდ ელექტრომომარაგების ფონზე, კარგავს თუ არა ენგურჰესი საქართველოსთვის ეკონომიკურ სარგებლიანობას, მურმან მარგველაშვილმა თქვა, რომ „რამდენად სარგებლიანია ეკონომიკურად ენგურჰესი, ამას დათვლა სჭირდება”.

„აფხაზეთში ენერგომოხმარება მზარდია; კიდევ გაიზრდება და თუ თუ ისევ უფასოდ მივაწოდებთ, ეს ჩიხში შეგვიყვანს და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, არამომგებიანი იქნება. შეიძლება რუსეთის და სხვა ქვეყნების გათვლები სწორედ მაგაზეა - ეს შეიძლება შევაფასოთ, როგორც მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება, ოღონდ ენერგეტიკის მიმართულებით“, - განაცხადა ენერგეტიკოსმა.