მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკოსი ENKA-ს მიერ კონტრაქტის გაწყვეტაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

614b247c39ddb
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.21 16:44
2281
„თავიდან ბოლომდე მთავრობის პასუხისმგებლობაა“ - ასე აფასებს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი „ნამახმანჰესის“ პროექტის ინვესტორი კომპანია ENKA-ს მიერ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილებას.

BM.GE-სთან საუბრისას ის ამბობს, რომ ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და პროექტის განხორციელებისთვის არსებული არასათანადო გარემო ამის წინაპირობას ქმნიდა.

„ეს თავიდან ბოლომდე მთავრობის პასუხისმგებლობაა, რადგან მდგომარეობა ვერ მართა. ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის განვითარებაზე, მისი ბრალია. მედიაციის პროცესი, ფაქტობრივად, გამოყენებული იყო დროის გასახანგრძლივებლად და რეალურად ის შედეგი მოიტანა, რაც გვაქვს. ენერგეტიკულ გაერთიანებას ამას ნუ დავაბრალებთ, ისევ ჩვენს თავს დავაბრალოთ. ეს არის ჩვენი უმეცრების, უნიათობის და უპასუხისმგებლობის შედეგი“, - აფასებს ენერგეტიკოსი.

ის ინვესტორის მხრიდან მთავრობასთან 800 მლნ დოლარის ღირებულების პროექტზე ხელშეკრულების გაწყვეტას ენერგეტიკის სექტორზე „დარტყმად“ აფასებს და ამბობს, რომ საქართველო ამ გადაწყვეტილებით დიდ ზარალს მიიღებს.

„ენერგეტიკის სექტორისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმაა, რაც შეიძლებოდა ჩვენს ქვეყანას მიეღო. ეკონომიკაში 800 მლნ დოლარის ინვესტიცია, რომელიც ხალხმა ვერ გაიგო რა იყო და პლიუს ჯარიმები, რომელიც შესაძლოა, დაგვაკისრონ. ეს შეიძლება რამდენიმე ასეული მილიონი იყოს“, - ამბობს მურმან მარგველაშვილი.

ენერგეტიკოსი მიიჩნევს, რომ ინვესტორი კომპანია საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავას საქართველოს წინააღმდეგ აუცილებლად დაიწყებს.

„ნებისმიერი კომპანია, როდესაც ქვეყანა არ უქმნის პირობებს და ვერ ახერხებს სამუშაო გარემოს შექმნას, არბიტრაჟში წავა. არბიტრაჟში საკმაოდ მკაცრი პირობებია. ჩემი აზრით, ეს, დაახლოებით, 1 მლრდ დოლარის ზარალი იქნება, რაც მიუღებელ ინვესტიციას და ჯარიმას მოიცავს. ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და საინვესტიციო გარემოსთვის ეს უდიდესი დარტყმაა“, - უთხრა BM.GE-ის ენერგეტიკოსმა.