მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დაწყება წლის ბოლომდე მაინც უნდა გადავადდეს - მარგებაძე

62161824a90db
მარიამ ვარადაშვილი
24.02.22 09:00
555
ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა პირველ მარტსაც არ დაიწყება. აღნიშნულს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც ადასტურებს. შესაბამისად, ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დაწყება მესამედ - სექტემბრამდე გადავადდა. 

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების კიდევ ერთხელ გადავადებას იწონებს და ამბობს, რომ კარგი იქნება თუ ის წლის ბოლომდე გადაიწევს.

“ამჟამად ბირჟაზე მოდელირებული ვაჭრობა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ყველა პერიოდი შეფასდეს. კერძოდ, სეზონი, როცა ჭარბი ელექტროენერგია გვაქვს და ასევე, სეზონი, როდესაც ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დეფიციატია. ყველა ეტაპი სრულად უნდა გავიაროთ, რათა ერთი წლის ჭრილში შევხედოთ პროცესს. რეალურად, პრობლემებიც მანდ გამოჩნდება. ზამთრის პერიოდი გასაგებია და ახლა მნიშვნელოვანია გაზაფხული/ზაფხულის პერიოდიც ვნახოთ. კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, მათ შორის უბალანსობა, ტარიფის საკითხი და სხვა. ამდენად, ბირჟის ამოქმედება წლის ბოლომდე უნდა გადავადდეს, რათა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდიც ვნახოთ”, - აცხადებს მარგებაძე.

რამდენიმე კვირის წინ, BMG-თან ინტერვიუში ბირჟის ამოქმედების გადავადების ვარაუდს თავად ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი ირინა მილორავაც გამოთქვამდა. როგორც ის ამბობდა, მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად გრძელდება და პლატფორმა სრულიად მზად არის სავაჭრო პროცესისთვის, თუმცა გარკვეული გამოწვევები ისევ რჩება.

"ტრანსასაზღვრო ვაჭრობის წესები და იმპორტიორების ვაჭრობის წესები არის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საკვანძო და კრიტიკული საკითხი ამ მოდელში. ამ კუთხით მუშაობა გრძელდება, რადგან ჩვენ რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი და მეზობლად გვყავდეს ევროპული სახელმწიფოები, მათთან ჰარმონიზებული კანონმდებლობით, ეს პროცესი უფრო მარტივად ჩაივლის, მაგრამ ჩვენ გვყავს 4 მეზობელი, განსხვავებული რეალობითა და კანონმდებლობით, ამიტომ ცოტა რთულია ამ ჩვენს ევროპულ მოდელს მოერგოს ჩვენი მეზობელი ქვეყნების კანონმდებლობა, თუ არ ჩავთვლით თურქეთს, რომელსაც მსგავსი კანონდებლობა აქვს და ამიტომ მგონია, რომ თურქეთი ძალიან აქტიურად უნდა განვიხილოთ, მათ შორის, ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით", – განმარტა მილორავამ.