მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული ბირჟა, როგორც ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმი – რა "შიშები" აქვთ ინვესტორებს?

619a203d66db7
დავით ჯალაღონია
21.11.21 16:55
1383
2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება იგეგმება. ეს საქართველოში, თავისუფალ, კონკურენტულ საბაზრო პირობებში ელ.ენერგიის ფასის დადგენის პირველი მცდელობა იქნება, სადაც გენერაციის ობიექტები, ნაწილი - სავალდებულო წესით და ნაწილი – საკუთარი ნებით, გამომუშავებულ რესურსს გაყიდიან. ამ საკითხს მთავრობის მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია არეგულირებს.

სწორედ ბირჟის პლატფორმას განიხილავს მთავრობა ენერგეტიკის სექტორში ინვესტორების მხარდამჭერ მექანიზმად. კერძოდ, განახლებადი ენერგიების წყაროებში ინვესტირებით დაინტერესებული პირები, ბირჟაზე გაყიდულ ყოველ კილოვატსაათ ენერგიაში, 1.5 ცენტის ფარგლებში ფასნამატს მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ დროის კონკრეტულ მონაკვეთში ელექტროენერგიის ღირებულება 5.5 ცენტზე დაბალი იქნება ანუ მთავრობა ენერგოობიექტს დაეხმარება, რომ ელ.ენერგიის ღირებულება არაუმეტეს 5.5 ცენტის ფარგლებში შეავსოს.

Forbes Talks-თან ინტერვიუში ირინა მილორავამ ბირჟის, როგორც ინვესტორების მოსაზიდად ერთ-ერთი ინსტრუმენტის როლზე ისაუბრა და განმარტა, ფასებთან დაკავშირებით რა სახის მანიპულაციები აფიქრებთ ამ ეტაპზე ენერგოსექტორის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი გენერაციის ახალ ობიექტებს, რომელთაც მთავრობასთან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვთ.

"ჩვენ ამ სატესტო რეჟიმში ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრები გენერაციის ახალ ინვესტორებთან იმართება. მათ აქვთ გარკვეული შიშები ამ ბაზრის მიმართ, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და გასაგებია. მაგალითად ის, რომ ბაზრის ფასი, რაც ჩამოყალიბდება ბაზარზე, არ იყოს საკმარისი მათი ინვესტიციის უკუგებისთვის - ეს ეხება როგორც არსებულ ინვესტორებს, რომელთაც მაგალითად, არ აქვთ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება, ასევე – ახალ ინვესტორებს", – აღნიშნა ირინა მილორავამ და დასძინა, რომ მსგავსი "შიშები" ქარისა და მზის სადგურების ინვესტორებს კიდევ უფრო მეტად ახასიათებთ..

"რა თქმა უნდა, მათთვის ეს შიშები მეტია და იქ კიდევ სხვა ტიპის შიშებიც შემოდის, ვინაიდან უბალანსობაზე პასუხისმგებლობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს განსაკუთრებით კრიტიკულია ზუსტად ასეთი განახლებადი ენერგიებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ მაქსიმალური სიზუსტით დააკომპლექტონ თავიანთი გენერაცია და ეს კიდევ ერთი დიდი პრობლემაა, რომელსაც აყენებენ.

ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ ამ გენერაციის ინვესტორებს, რომ ერთია საბაზრო ფასი და მეორე - ფასის მხარდამჭერი მექანიზმი. პრინციპში, ყველა ევროპული, განვითარებული ბაზრის გამოცდილებაა, რომ მხოლოდ ბაზარი, მით უმეტეს როცა ახალგაზრდა ბაზარზე ვსაუბრობთ, ვერ მოიყვანს ინვესტორს, ან ძალიან გაჭირდება ინვესტორის მოყვანა, რადგან მინიმუმ, ის დააკვირდება რაღაც პერიოდის განმავლობაში, რამდენად ლიკვიდურია ბაზარი, სწორად ფუნქციონირებს თუ არა, ხომ არ არის მანიპულაცია, ფასები სწორად ყალიბდება თუ არა. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ვსარგებლობთ Nord Pool-ის ბაზრით, რომელსაც აქვს ფასწარმოქმნის ევროპული ალგორითმი, რომლითაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ფასი ითვლება, მაგრამ რისკები, რა თქმა უნდა, რჩება და ეს არის იგივე, მანიპულაციის რისკი, რომლის მიმართ აქვთ განსაკუთრებული შიში, მით უმეტეს, პატარა ბაზარზე ეს რისკი კიდევ უფრო გაძლიერებულია.

მათ ვეუბნებით, ჩავთვალოთ, რომ ბაზრის ფასია იმაზე დაბალი, ვიდრე თქვენ გქონდათ მოლოდინი. ასეთ დროს, ინვესტორის მოსაზიდად, ჩვენ არ უნდა ვეცადოთ, ბაზრის ფასი ხელოვნურად ავწიოთ. ამისთვის მათ უნდა შევთავაზოთ ფასის მხარდამჭერი მექანიზმები. ეს ორი ინსტრუმენტი ერთობლიობაში მუშაობს და უქმნის გარანტიას გენერაციის ინვესტორს, რადგან ახალგაზრდა ბაზარია და შესაბამისად, ბევრი ბუნებრივი შიში იქნება ამ ბაზრის მიმართ, ამიტომ მთავრობის დადგენილება, რომელიც განახლებადი ენერგიების წყაროების მხარდაჭერას ითვალისწინებს, დროული და სწორია. ეს არის ფასის პრემიუმი.

ხშირად მომისმენია, რომ ეს ფასის პრემიუმი, რაც არის დადგენილი 1.5 ცენტი და მაქსიმალური ჭერი, ზედა ზღვარი – 5.5 ცენტი, არ არის საკმარისი. სინამდვილეში, ეს გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ბაზრის ფასები ჩამოყალიბდბება და არ გამოვრიცხავ, რომ იგივე გადაიხედოს ეს მოცემულობა, 1.5 ცენტი და 5.5 ცენტი, რათა უფრო მეტად შევუწყოთ ხელი განახლებადი ენერგიების წყაროს, ან შეიძლება გარკვეულ კატეგორიებს მივცეთ უფრო განსხვავებული მხარდაჭერის მექანიზმები.

ახლა რომ გადავიდეთ მანიპულაციაზე, რომელიც არის სინამდვილეში ყველაზე მთავარი გამოწვევა ჩვენი ბაზრის, რადგან ეს არ არის მხოლოდ ქართული ბაზრის პრობლემა. ეს არის ევროპული, განვითარებული ბაზრების პრობლემაც. მანიპულაციის რისკი კიდევ უფრო მაღალია, როცა პატარა ბაზრებზე ვსაუბრობთ. მაგალითად, იგივე სატესტო რეჟიმში ჩანს, რომ თითქოს ერთი შეხედვით უმნიშვნელო შემთხვევამ, როგორიც არის არასწორად წარდგენილი განაცხადი, შეიძლება კარდინალურად შეცვალოს ბაზრის ფასი, მაგრამ ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ ვიღაც ამას განზრახ აკეთებს, ეს იქნება პრობლემა და სწორედ აქ შემოდის მონიტორინგის ინსტრუმენტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ბაზარზე. როდესაც ვლაპარაკობთ ასეთი ტიპის კონკურენტულ ბაზარზე, აქ მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) როლი არის კიდევ უფრო მნიშნელოვანი, რადგან ეს არის ორგანო, რომელი აკვირდება ყოველსაათობრივ რეჟიმში, როგორ მუშაობს ბაზრის თითოეული სეგმენტი. მისი რეაგირება უნდა იყოს ძალიან მყისიერი", – განაცხადა ირინა მილორავამ.

გენერაციის ობიექტების ინვესტორების ყურადღებას ენერგეტიკულ ბირჟასთან მიმართებით კიდევ ერთი საკითხი იქცევს. ვინაიდან ამ პლატფორმაზე ელექტროენერგია "ენგურჰესმაც" უნდა გაყიდოს, რომლის რესურსი ქვეყნის სხვა სადგურებთან შედარებით იაფია, კერძო სექტორს აინტერესებს, ეს ფაქტორი ხომ არ შეამცირებს ბირჟაზე დადგენილ საბოლოო ფასს იმდენად, რომ იქ ვაჭრობა მათთვის შესაძლოა მიმზიდველი აღარ იყოს.

"გენერაციის ობიექტების მთავარი შიშის ობიექტი, ძალიან ლოგიკურია, რომ არის "ენგურჰესი", რადგან ეს ყველაზე მძლავრი ელექტროსადგურია, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია და იაფიანი რესურსის წყაროა, რადგან მას იაფიანი უკუგების პერიოდი, თავდაპირველ ინვესტიციას ვგულისხმობ, დიდი ხანია, გავლილი აქვს. ყველგან არსებობს მკაფიო და ნათელი ჩანაწერი, რომ სადგურმა - კერძო, თუ სახელმწიფო საკუთერებაში, ვალდებულია ბირჟაზე ივაჭროს ნამდვილი ეკონომიკური ინტერესის გათვალისწინებით და ზუსტად ეს ნამდვილი ეკონომიკური ინტერესი იქნება სემეკ–ის მოკვლევის საგანი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. დღეს კარგი ის არის, რომ ამ სიმულაციურ რეჟიმს მარეგულირებელი კომისიაც აკვირდება და როცა ვლაპარაკობთ ამ ანალიზზე, როგორც ჩაიარა სატესტო ვაჭრობამ, რა ტიპის პრობლემები და ხარვეზები იყო, მარეგულირებელი კომისიაც ერთვება და ვიწყებთ იმ საკითხების იდენტიფიცირებას, სადაც ეს რეალური ბაზარი რომ ყოფილიყო, მარეგულირებელ კომისიას შეკითხვები ექნებოდა; როცა კომისიას აქვს შეკითხვები, მონაწილე ვალდებულია დაასაბუთოს ეკონომიკური მიზანშეწონილობა მის მიერ გაკეთებული განაცხადის.

მიუხედავად იმისა, რომ ბირჟა არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი სეგმენტი, ითვლება, რომ ეს არის ბაზრის ის სეგმენტი, რომელიც განსაზღვრავს ე.წ Reference price-ს სხვა დანარჩენი ბაზრის სეგმენტებისთვის, ამიტომ ინვესტორიც, ელექტროენერგიის მყიდველიც – ყველანი სწორებას აკეთებენ ბირჟის ფასზე და ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ეს ფასი იყოს გამჭვირვალე, სწორი, ეკონომიკურად დასაბუთებული და ა.შ და ზუსტად ამ მნიშვნელობის გათვალისწინებით, ბაზრის წესებით, მარეგულირებელმა კომისიამ გაითვალისწინა ვალდებულება, რომ მონაწილე, რომელიც ვაჭრობს ბირჟაზე, ვალდებულია ჩააბაროს კვალიფიკაციის გამოცდა. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ამ გამოცდების ორგანიზებაა, რომ კვალიფიციკური სავაჭრო წარმომადგენელი ჰყავდეს ბაზრის ყველა მონაწილეს.

ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ კვარტალში ერთხელ ჩავატაროთ ასეთი გამოცდები. ამ თვეში გვქონდა ერთ-ერთი ბოლო გამოცდა და 70-ზე მეტი კვალიფიციური სავაჭრო წარმომადგენელი გვყავს", – განმარტა ირინა მილორავამ, თუმცა გამოცდის შედეგები კონფიდენციალურად დატოვა.

რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟაზე თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიისა და იმპორტირებული რესურსის მონაწილეობას, ბირჟის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ინვესტორების ყურადღების საგანი მათი პროდუქციის ფასებიც არის. კერძოდ, ცნობილია, რომ თბოსადგურები საბაზროზე დაბალ ფასად შეიძენენ ბუნებრივ გაზს და შესაბამისად, მათი გენერაციაც დღეს ბაზარზე ერთ–ერთი ყველაზე შეღავათიანია.

"როცა ვსაუბრობთ ამ ახალი ბაზრის გამოწვევაზე, ერთ-ერთია სწორედ ელექტროენერგიის იმპორტი და მეორე - თბოსადგურების ელექტროენერგია. იმპორტზე ორ ნაწილად უნდა გავყოთ საკითხი. ერთია იმპორტზე ხელმისაწვდომობა და მეორე - იმპორტის ეკონომიკური მახასიათებლები. კარგი ის არის, რომ ჩვენ უკვე ოთხივე ქვეყნიდან ვაკეთებთ იმპორტს და ეს ქვეყნები ერთმანეთს ანაცვლებენ, ტრანსსასაზღვრო ხაზები საკმარისად არის განვითარებული, თუმცა რისკებს ვერ გამოვრიცხავთ და უზარმაზარი რისკები არსებობს პოლიტიკურ ნაწილში.

მეორე საკითხია ეკონომიკური ნაწილი - საზღვრები გახსნილია, მაგრამ რამდენად ეკონომიკურად საინტერესოა იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი ჩვენი ბაზრისთვის? – გენერაციის ობიექტების შიში იმას უკავშირდება, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი არ იყოს იმდენად დაბალი, რომ ადგილობრივი გენერაცია ჩანააცვლოს. მე უფრო პირიქით მგონია. ჩვენ საზღვრებზე არ გვაქვს კონკურენცია, რადგან ოთხი ქვეყნიდან მხოლოდ თურქეთზე გვაქვს კონკურენტული ტრანსსასაზღვრო ურთიერთობა, სადაც შეგვიძლია ბევრი მონაწილე ჩაერთოს, დანარჩენ სამ საზღვარზე ერთი მონაწილე გვყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საზღვრებზე კონკურენცია არ გვაქვს და ეს შეიძლება, არასწორად იქნას გამოყენებული. ამიტომ როცა გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ახალმა წესებმა ზუსტად ამ ტიპის გამოწვევებს უნდა უპასუხოს, რომ ამ მოცემულობაში მაქსიმალურად განვავითაროთ კონკურენცია.

მეორე, ეს არის თბოსადგურების იაფიანი რესურსი. პრინციპში, აბსოლუტრურად სწორად აყენებენ გენერაციის ობიექტები ამ საკითხს. ჩვენ თბოსადგურებზე ე.წ. სოციალური გაზი გვაქვს, რაც განაპირობებს მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შედარებით დაბალ ფასს. სინამდვილეში, ჩვენს შორის განსხვავება იმაშია, ერთდროულად უნდა მოხდეს ბაზრის ლიბერალიზაცია, თუ რაღაც ნაბიჯები იქნას გადადგმული.

თუ ვიტყვით, რომ ერთდროულად უნდა მოხდეს ბაზრის ლიბერალიზაცია და გვინდა გაზზეც საბაზრო ფასი, მინიმუმ ამისთვის უნდა გვქონდეს გაზის ბაზარი (გაზის ბაზრის ახალი მოდელის კონცერცია მთავრობამ მიმდინარე წლის სექტემბერში დაამტკიცა). ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სოციალური გაზი (რასაც თბოსადგურები იყენებენ), მაგრამ არ ვიცით გაზზე საბაზრო ფასი. ალბათ, არ იქნება სწორი, ჩვენს რეგიონში ევროპის გაზის ბაზრის ფასს შევხედოთ, ამიტომ ეტაპობრივად უნდა მოხდეს გაზის ბაზრის განვითარება და შესაბამისად, აქედან უნდა მოხდეს გაზის ბაზრის ფასის გადმოსვლა ენერგეტიკულ სექტორში, თუმცა რაღაც ეტაპზე შესაძლებელია გარდამავალი გადაწყვეტილებების მიღება და კომერციული გაზის ნელ-ნელა შემოყვანა ელექტროენერგეტიკულ სექტორში და მაინც რომ შევაჯამო, ცოტა მაინც გადაჭარბებულად მეჩვენება ეს შიშები, რადგან პრაქტიკულად ყველა სეზონზე, როცა თბოსადგურები მუშაობენ, ხდება ელექტროენერგიის იმპორტი და ჩამკეტი ფასი, როგორც წესი, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასია", – განმარტა ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა.

მისივე განმარტებით, ჯერჯერობით, იმპორტიორებისთვის ელექტროენერგიის ბირჟაზე გატანა სავალდებულო არ არის.

"მათ, ჯერჯერობით, აკრძალვა არ აქვთ, შეუძლიათ ივაჭრონ ბირჟაზეც და გაყიდონ ორმხრივი ხელშეკრულებებითაც ელექტროენერგია", – აღნიშნა მან.