მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული ბირჟის მომავალი და საჭიროება საქართველოში – ინტერვიუ ირინა მილორავასთან

5df6241aeff37
დავით ჯალაღონია
15.12.19 17:00
5213
საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესს ენერგეტიკული ბირჟის დაფუძნება დაეწია. ეს პლატფორმა, რომლის ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს ორგანიზებულს გახდის. მაგალითად, დღეს პირდაპირ მომხმარებლებს, რომლებიც ელექტროენერგიას რეგულირებული ბაზრის მიღმა, სადისტრიბუციო კომპანიების – "თელასისა" და ენერგო–პრო ჯორჯიას დაუხმარებლად ყიდულობენ, ამ ბირჟაზე დარეგისტრირება და საჭირო რაოდენობის ენერგიის შეძენა შეეძლებათ.

ერთი დღით ადრე და შემდგომში დღიური ბაზრების დანერგვასა და ოპერირებას ბირჟა საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული მომსახურების მეშვეობით უზრუნველყოფს. ამ კომპანიის კონსულტანტები ენერგეტიკული ბირჟის სისტემის გასამართად ახლა ქართულ მხარესთან მუშაობენ. ბირჟის ხელმძღვანელი სემეკ–ის ყოფილი თავმჯდომარე ირინა მილორავაა. BM.GE–მ მასთან საუბრისას მოსამზადებელ პროცესზე, ახალი პლატფორმის სარგებელსა და ამ კუთხით მოსალოდნელ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

ირინა მილორავა: ამ ბირჟას ორი ამოცანა აქვს: პირველი არის იმ ბაზრების მომზადება, რომლებიც აუცილებელია რეფორმირებულ ენერგეტიკულ სექტორში - ეს არის დღით ადრე ბაზარი, დღის შიგნით ბაზარი და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი. რა იგულისხმება მომზადებაში? - პირველ რიგში, ეს არის ბაზრების ტექნიკური უზრუნველყოფა, ანუ შესაბამისი პლატფორმების შეძენა, გაშვება და სატესტო რეჟიმში მუშაობა. ეს რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა მოხდეს, ეტაპობრივად. ამაში, მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, Nord pool consulting გვეხმარება. ამ ტექნიკური უზრუნველყოფის გარდა, აუცილებლად დაიწყება მეორად კანონმდებლობაზე მუშაობა. თქვენ იცით, რომ ეკონომიკის სამინისტროს ნაცვლად, ბაზრის წესები ახლა უკვე მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი) უნდა დაამტკიცოს, თუმცა ბაზრის წესების პროექტი ამ ენერგეტიკულმა ბირჟამ უნდა მოამზადოს.

მეორე ეტაპზე, როცა უკვე კანონი („ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონი“) შევა ძალაში და ანბანდლინგი (ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების საქმიანობის იურიდიულად გამიჯვნა) განხორციელდება, ეს ბირჟა ბაზრის ოპერატორად უნდა გარდაიქმნას, რაც ზოგადად ბაზრის ორგანიზებას ნიშნავს.

– რა სარგებელს მიიღებენ ამ ენერგეტიკული ბირჟიდან გენერაციის ობიექტები და მომხმარებლები?

– როგორც იცით, ჩვენ უკვე გავხსენით ბაზარი, სადაც თავიდან ელექტროენერგიის ხუთი მსხვილი მომხმარებელი გავიდა, შემდეგ უფრო მეტი და ეს პროცესი მუდმივად გაგრძელდება, მაგრამ ამ მომხმარებლებს აქვთ კითხვა - სად უნდა იყიდონ მათ ელექტროენერგია და ბუნებრივია, ამ სიტუაციაში სახელმწიფო ვალდებულია, მათ ადეკვატური მექანიზმები შესთავაზოს და ზუსტად ასეთი მექანიზმია ელექტრონული, ენერგეტიკული ბირჟა.

ეს ბირჟა არის თანაბრად მნიშვნელოვანი გენერაციის ობიექტებისთვისაც და დიდი მომხმარებლებისთვისაც. ამ წუთას მნიშვნელოვანია დიდი მომხმარებლებისთვის იმიტომ, რომ ისინი ბაზარზე გავიდნენ, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ისინი ელექტროენერგიას ვერც „თელასისგან“, ვერც „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ ვეღარ ყიდულობენ და ელექტროენერგიის შეძენა თავად უწევთ, საბითუმო ბაზარზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა დახვდეთ ადეკვატური სავაჭრო პლატფორმა იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად და სწორად ივაჭრონ ელექტროენერგიით. ამიტომ აუცილებლად მიეხმარება ეს სავაჭრო პლატფორმა დიდ მომხმარებლებს. ეს არის ადგილი, სადაც ხედავენ ყველა წინადადებას ელექტროენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, ბირჟაზე გენერაციის ობიექტებიც თავიანთ განაცხადებს აკეთებენ და საბოლოო ჯამში, ეს არის ადგილი, სადაც მყიდველები და გამყიდველები ერთმანეთს ხვდებიან.

– რა ტიპის გენერაციის ობექტები დაიშვება ენერგეტიკულ ბირჟაზე თავდაპირველად?

– ეს საკითხი ამ რეფორმაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა – კონკურენულ ბაზარზე გადასვლა ერთბაშად მოხდეს, თუ – ეტაპობრივად? ბევრ ქვეყანას ჰქონდა ასეთი გამოწვევა, ჩვენ ყველა პრაქტიკას და შეცდომას გავაანალიზებთ, რაც ამ ბაზრის გახსნასთან იყო დაკავშირებული. საბოლოო ჯამში, ერთბაშად გახსნა მაინც არ მოხდება. მაღალი ალბათობით, დარჩებიან გენერაციის ობიექტები, რომლებიც ჯერ კიდევ ივაჭრებენ სემეკ–ის მიერ დადგენილ ფასად და ამისთვის იარსებებს ე.წ რეგულირებული ბაზარი, მაგრამ რეგულირებული ბაზრის მოცულობა და ზომები მუდმივად შემცირდება, რადგან როგორც მომხმარებლები, ასევე გენერაციის ობიექტები რეგულირებული ბაზრიდან დერეგულირებულზე გადავლენ, ანუ ვაჭრობას ბირჟაზე გააგრძელებენ, როგორც დღით ადრე ბაზარზე, ასევე ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე.

თუმცა მაინც, ამ შეკითხვას პასუხს გასცემს კონცეფცია, რომელიც კანონის („ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“) მიღების შემდეგ დამტკიცდება. კონცეფცია ზუსტად იმ სპეციფიკურ საკითხებს დააზუსტებს, რაც საქართველოსთვის არის დამახასიათებელი - ეს იქნება ბაზრის გახსნის ვადები, მოცულობები, იმპორტთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.

პირველ ეტაპზე, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ დერეგულირებული სადგურები, რომელთაც არც კომისია უდგენს ტარიფს და არც PPA - ე.წ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვთ, აუცილებლად ივაჭრებენ ენერგეტიკულ ბირჟაზე, მაგრამ ნელ-ნელა მათ უნდა დაემატოს როგორც რეგულირებული ფასიანი ელექტროსადგურები, ასევე PPA-იანი სადგურები.

– როგორ ფიქრობთ, ის პრობლემა, რაც დღეს ელექტროენერგიის მსხვილ, პირდაპირ მომხმარებლებს აქვთ, რომ ბაზარზე გასვლის შემდეგ ხარჯი გაეზარდათ, ისევე როგორც მაგალითად, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას, მოგვარდება თუ არა? – ––დღევანდელთან შედარებით, ბირჟა მათთვის უფრო მისაღები ფასების დადგენის საშუალებას იძლევა?

ჩემი აზრით, დიდი განსხვავება დღეს დერეგულირებული ბაზრის ფასებსა და ენერგეტიკული ბირჟის ფასებს შორის აღარ იქნება. უფრო მეტი შესაძლებლობებია, რადგან ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ენერგეტიკულ ბირჟაზე ვსაუბრობთ, ეს არის საათობრივი ვაჭრობა. დღეს მაგალითად, მომხმარებელს ელექტროენერგია ერთი და იგივე ფასი უჯდება 24 საათის განმავლობაში, მაგრამ ენერგეტიკულ ბირჟაზე განსხვავებები იქნება საათების მიხედვით, რამაც შეიძლება გაცილებით უკეთესი სურათი მოგვცეს ერთიანი ფასის თვალსაზრისით. საათობრივი ვაჭრობის ძალიან დიდი პლიუსი ის არის, რომ მომხმარებელი ხდება აქტიური – ხედავს, ყოველ საათს რა ფასი და ტარიფი ყალიბდება.

– რაც შეეხება რიგით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, სამომავლოდ ენერგეტიკული ბირჟის მუშაობა მათზე როგორ აისახება? ისინი რა სარგებელს ნახავენ?

ე.წ ანბანდლინგის პროცესის შემდეგ, ბაზარზე ელექტროენერგიის ბევრი მიმწოდებელი გაჩნდება. ისინი ენერგეტიკულ ბირჟაზე ივაჭრებენ, ელექტროენერგიას შეიძენენ და შემდეგ უკვე მომხმარებელთან განსხვავებული პირობებით მივლენ. მართალია, ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის შესაძლებლობა უფრო დიდ მომხმარებლებს ექნებათ, რადგან ეს სპეციფიკურ ცოდნასთან, ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ბუნებრივია, კონკურენციის სიკეთე საბოლოო მომხმარებლამდე, სხვადასხვა მიმწოდებლის მეშვეობით უნდა მივიდეს და მომხმარებელს ექნება საშუალება, სპეციალურ, „გადართვის პლატფორმაზე“ შევიდეს და მისთვის სასურველი მიმწოდებელი შეარჩიოს.

– და ბოლოს, როდის იგეგმება ენერგეტიკული ბირჟის სატესტო რეჟიმში ამუშავება?

– 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილია ბაზრის წესების შემუშავება და კომისიისთვის დასამტკიცებლად წარდგენა. რა თქმა უნდა, ეს მოიცავს განხილვის პროცესს საბითუმო ბაზრის ყველა აქტორთან. ასევე, 2020 წელს გვინდა მოვასწროთ, როგორც ბირჟის შექმნა, ასევე მისი სატესტო რეჟიმში გაშვება. უკეთეს შემთხვევაში, ენერგეტიკული ბირჟა 2021 წელს უნდა ამუშავდეს.