მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგო ეტიკეტირებაზე კანონის განხილვას იწყება – რა იცვლება საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამყიდველებისთვის

5dc58002bc2ed
დავით ჯალაღონია
08.11.19 19:20
1187
პარლამენტი 11 ნოემბრიდან "ენერგო ეტიკეტირების შესახებ" კანონის განხილვას იწყებს.

კანონპროექტის შესაბამისად, 2021 წლიდან, ვიდრე მომხმარებელი სარეცხი მანქანას, მაცივარს, მტვერსასრუტს, ნებისმიერ გამათბობელს და კიდევ სხვა ნივთებს იყიდის, რაც ენერგიას მოიხმარს და ამავდროულად, კანონის მიხედვით დამტკიცებულ რეგლამენტს დაექვემდებარება, ტექნიკაზე უნდა ეწეროს, კონკრეტულად რა მოცულობის ელექტროენერგიას საჭიროებს ის.

ასეთი ინფორმაციის დატანა მწარმოებლების, თუ მათი გამყიდველებისთვის, სავაჭრო ობიექტში განთავსებამდე სავალდებულო იქნება, რადგან საქართველო ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი ქვეყანაა.

"კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ აუცილებელი გახდება საქართველოს ბაზარზე განთავსებული ან/და საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების და ასეთი პროდუქტის ენერგო მოხმარების მაჩვენებლების შესახებ პროდუქტზე სტანდარტული ინფორმაციის მითითება, რაც საშუალებას მისცემს საბოლოო მომხმარებელს, მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გააკეთოს სასურველი არჩევანი", – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, დარგობრივ კომიტეტზე იგეგმება. დოკუმენტი ამ ვალდებულებების კონტროლის მექანიზმებსაც ითვალისწინებს, რასაც ერთის მხრივ, შემოსავლების სამსახური, მეორეს მხრივ კი ენერგოეფექტურობის სააგენტო უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოში ჯერ არ შექმნილა, თუმცა სამომავლოდ ის ეკონომიკის სამინისტროს უნდა დაექვემდებაროს.

იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე პროდუქციის მიმწოდებელმა კანონის პირობები დაარღვია, მას სახელმწიფო ჯერ განთავსებული პროდუქტის ამოღებას დაავალებს, ამ მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში კი კანონი 1000–დან 5 000 ლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებს.