მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენერგო-პრო ჯორჯია" ინვესტორთა TOP-10-შია - რამდენი $მლნ ჩადო კომპანიამ საქართველოში

5df1f3ac60a17
ვიქტორია მღებრიშვილი
12.12.19 12:15
1307
2019 წლის მესამე კვარტალში კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 12 მლნ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელა.

ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-იმ ინვესტორი კომპანიიდან გამოითხოვა, რადგან "ენერგო პრო ჯორჯია" მე-3 კვარტლის TOP ინვესტორი კომპანიების ათეულშია.

„ინვესტიციები განხორციელდა მაღალი, საშუალო და დაბალი ძაბვის ქსელის განვითარებისთვის", - აცხადებენ "ენერგო პრო ჯორჯიაში".

რაც შეეხება, ჯამურად, სამი კვარტლის მონაცემს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ  2019 წლის 9 თვეში, კომპანიამ უფრო ნაკლები - 10 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია ჩადო საქართველოში, ვიდრე - მხოლოდ მესამე კვარტალში. 

ამ ფაქტს "ენერგო-პრო ჯორჯიაში" ასე ხსნიან:

„FDI-ის მონაცემები ბარდება სტატისტიკის სამსახურს და ითვლება როგორც უცხოური კომპანიის მიერ საქართველოში რეინვესტირებული თანხები რამდენია. ამ შემთხვევაში, ეს პირდაპირ დამოკიდებულია კომპანიის მომგებიანობასთან. პირველი კვარტალი არის ზამთრის პერიოდი, როდესაც ენერგო კომპანიები გადიან ზარალზე, შესაბამისად პირველ კვარტალში FDI იყო უარყოფითი, მეორე კვარტალი ეს უკვე არის ზაფხულის პერიოდი; იცით, რომ ამ პერიოდში ელექტროენერგია შესასყიდი აღარ არის ისეთი ძვირი, როგორც პირველ კვარტალში. ანუ პირველ კვარტალში უფრო ძვირად ყიდულობს ენერგოკომპანია ელექტროენერგიას, ვიდრე ყიდის და ეს იწვევს მის ზარალზე გასვლას, მეორე კვარტალში იმპორტი იკლებს და ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება მეტია, ამიტომ FDI-ც იმატებს, ანალოგიურად - მესამე კვარტალში. ზუსტად ამიტომ არის, რომ პირველი სამი კვარტლის ჯამი ნაკლებია, ვიდრე მარტო მესამე კვარტალი. შედეგად, რეინვესტირებული კაპიტალი, მიუხედავად იმისა, რომ დივიდენდი არაფერი არ გაცემულა, შემცირდა ჩვენი ენერგოკომპანიისთვის.“

ცნობისთვის: 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7%-ით მეტია. 2019 წლის 9 თვეში ჯამურად საქართველოში $908.9 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.