23.ივლისი .2021 17:47

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში რეორგანიზაცია დასრულდა - განცხადება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში რეორგანიზაცია დასრულდა - განცხადება
views 396
უკან

ენერგეტიკის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, "ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განსაზღვრულ ვადებში საქმიანობის გამიჯვნის პროცესი დაასრულა, რომლის მიხედვით, ელექტროენერგიის მიწოდებისა და ვაჭრობის ბიზნესი გამანაწილებელ (ქსელის მფლობელ) კომპანიას გამოეყო და ამასთან ჰოლდინგური კომპანია დაფუძნდა - ინფორმაციას „ენერგოპრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურაც, კომპანიების მართვას განახორციელებს ახლად შექმნილი დირექტორთა საბჭოები, რომლებიც გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდა.

გარდამავალ პერიოდში მომხმარებელს ელექტრომომარაგების, სხვადასხვა მომსახურების თუ ანგარიშსწორების კუთხით არანაირ შეფერხება არ შეექმნება, ამის უზრუნველსაყოფად შემუშავებულია კონკრეტული გეგმა. აბონენტს ცხელ ხაზსა და სოციალურ ქსელში ნებისმიერი კითხვით მომართვა შეუძლიათ.

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, ქვეყანა ენერგეტიკის მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს, არაერთმა უწყებამ რეფორმირების პროცესში უკვე მეტად ნაყოფიერი და ეფექტიანი საქმიანობა გასწია, პრაქტიკულად, თავიდან შეიქმნა საქმიანობის საკანონმდებლო თუ ნორმატიული ბაზა, შემუშავდა არაერთი ახალი პროცედურა თუ მეთოდოლოგია. რა თქმა უნდა, "ენერგო-პრო“ ჩართულია აღნიშნულ მნიშვნელოვან პროცესში, მუდმივ რეჟიმში ვიღებთ მონაწილეობას დისკუსიებში. მივესალმებით ევროპული რეგულაციების იმპლემენტაციას საქართველოში, ჩვენი ევროპელი კოლეგების გამოცდილება და ცოდნა მეტად მნიშვნელოვანია, აღნიშნული რეფორმები ბიძგს მისცემს დარგის სწრაფ განვითარებას“, - აღნიშნა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.

კომპანიაში პოზიტიურად მიიჩნევენ იმას, რომ რეფორმირების შედეგად, ძირეულად შეიცვლება მდგომარეობა მრავალი მიმართულებით, ბაზრის ლიბერალიზაცია გაზრდის კონკურენციას, მოხდება ინვესტიციის ზრდის სტიმულირება, რეალურად მივიღებთ ისეთი სტანდარტის ქსელს როგორიც არის ევროპულ ქვეყნებში, უფრო ტრანსფარენტული გახდება ელექტროენერგიით ვაჭრობა, პოლიტიკური სპეკულაციებიდან თუ წნეხიდან საბოლოოდ გათავისუფლდება სამომხმარებლო ტარიფი და რაც მთავარია, ეს ყველაფერი დადებითად აისახება აბონენტთა მომსახურების ხარისხზე.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ტარიფის ზრდა გარდაუვლად მოხდება, პირიქით, შესაძლოა, ზოგიერთ კომპონენტში შემცირებაც კი მივიღოთ, სამაგიეროდ დასტაბილურდება ბიზნესი, მარტივად პროგნოზირებადი გახდება ფინანსური თუ კომერციული შედეგები, რისკების პრევენციას უფრო ეფექტიანად შევძლებთ, სხვადასხვა გარე ფაქტორი ვეღარ დააზიანებს კომპანიებს და შესაბამისად, საინვესტიციო გეგმების მუდმივი კორექტირება-შემცირებაც აღარ იქნება.

რეფორმა და დანერგილი ახალი მიდგომები, საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ სამწუხარო წრიდან გამოსვლას უზრუნველყოფს, როდესაც ერთი მხრივ, საბოლოო მომხმარებლის ტარიფის ზრდა გარდაუვალი ხდება, ხოლო მეორე მხრივ, მაინც ვერ უზრუნველჰყოფთ ქსელის მნიშვნელოვან გაჯანსაღებას და შესაბამისად, ავარიული გათიშვების მაჩვენებლის შემცირებას.

,,ახლა მთავრია დაწყებული პროცესი ბოლომდე მივიდეს, ენერგეტიკული ბირჟა წარმატებით ამოქმედდეს, ყველა პროცესი წარიმართოს სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, ,,ენერგო-პრო“ კი თავის მხრივ პროცესში ჩართულობას და რეფორმების სრულ მხარდაჭერას განაგრძობს“, - აცხადებს მიხეილ ბოცვაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა