მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოკრიზისის დასაძლევად ბრიტანეთმა ბუნებრივი აირის ფრაკინგზე აკრძალვა გააუქმა

632c2fe5de9f0
გიორგი თოლორდავა
22.09.22 14:25
443
ევროპის მასშტაბით მიმდინარე მწვავე ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ბუნებრივი აირის ფრაკინგზე აკრძალვის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

ფრაკინგი ფიქლის ქანებიდან გაზისა და ნავთობის მოპოვების მეთოდია, რომელიც ქანების გახვრეტას ითვალისწინებს. აღნიშნული მეთოდი 2019 წელს ბრიტანეთის მთავრობამ თავადვე აკრძალა, რაც ქვეყნის მასშტაბით გარემოსდაცვით ჯგუფებსა და ორგანიზაციები მწვავე პროტესტით იყო განპირობებული.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ფრაკინგი სანაპირო ზოლში ქანების დაზიანებას იწვევს, რაც ხელს უწყობს მიწისძვრებისა და ცუნამის ფორმირებას.

ბრიტანეთის ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, ამჟამად ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა „აბსოლუტური პრიორიტეტია“, მის მისაღწევად კი მთავრობამ ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგას, მათ შორის, აღადგინოს ისეთი აკრძალული მეთოდებიც კი, რომელიც გარემოსათვის პოტენციურად საზიანოა.

საგულისხმოა, რომ მსგავს სტრატეგიას ირჩევენ სხვა ევროპული სახელმწიფოებიც, მაგალითად: საფრანგეთში ყველა ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი ამუშავდება, ცენტრალური ევროპის მასშტაბით კი არაერთი ჩამოწერილი ქვანახშირის თბოელექტროსადგური აღდგება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას ბრიტანეთის მთავრობამ ბიზნესებისა და კომერციული სექტორისთვის კომუნალური ხარჯების განახევრების გადაწყვეტილება მიიღო.

მთავრობის გეგმა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის კომუნალური გადასახადების ბიუჯეტიდან სუბსიდირებას ითვალისწინებს. მეგავატი-საათი ელექტროენერგიის ფასი 211 გირვანქა სტერლინგზე განისაზღვრება, გაზის კი - 75 სტერლინგზე.

სუბსიდირების პროგრამა პირველ ოქტომბერს ამოქმედდება და ის 2023 წლის აპრილის დასაწყისამდე გაგრძელდება. სახელმწიფოსგან შეღავათს მიიღებენ როგორც ოჯახები და არასამეწარმეო ორგანიზაციები, ასევე ბიზნესები და კომპანიები.