მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოობიექტების ნაწილი "საპარტნიორო ფონდიდან" მთავრობას უბრუნდება - დავით საგანელიძე

5e564f8ca1488
ინგა მურუსიძე
26.02.20 14:58
1016
"ენერგეტიკის მიმართულებით ობიექტების ნაწილი „საპარტნიორო ფონდიდან“ მთავრობას უბრუნდება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განუცხადა და დასძინა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროს და ფონდს შორის დოკუმენტებით მიმოწერა მიმდინარეობს.

„საპარტნიორო ფონდში დანიშვნის დღიდან, ვსაუბრობ მის რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხზე. ყველაფერს სჭირდება რეფორმირება და საპარტნიორო ფონდმა სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოახერხა იმ მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში არსებული სიტუაციისათვის აუცილებელია. საპარტნიორო ფონდი არ ფინანსდება ბიუჯეტიდან და მისი შემოსავალი არის ის სახელმწიფო საწარმოები, რომელსაც ფონდი არ მართავს, არ ერევა მის მენეჯმენტში, მაგრამ მისი დივიდენდი არის საპარტნიორო ფონდის შემოსავლის ერთადერთი წყარო. ეს ორგანიზაციები არიან განვითარების იმ ეტაპზე, როცა მათი შემოსავლები ხმარდება მათივე სტრუქტურებში რეინვესტირებას და განვითარებას, შესაბამისად, ჩვენ მათგან დივიდენდს ვერც და არც ვიღებთ“, - განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით, საპარტნიორო ფონდი უკვე მესამე წელია ვერ იღებს დივიდენდებს ანუ არ აქვს შემოსავლები, რომლითაც შეიძლება მან მთელი ის პროექტები, რომელიც გააჩნია, დააფინანსოს.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ძირეულად უნდა შევცვალოთ ის მოძველებული ფორმა, რომელიც 2010 წლის ბოლოსთვის იყო შექმნილი და საპარტნიორო ფონდი თავისი მუშაობის ახალ მოდელზე გადავიდეს, მათ შორის დაფინანსების მეშვეობით. ჩვენ არ გვინდა და არ იქნება აუცილებელი ამ ეტაპზე დავფინანსდეთ ბიუჯეტიდან, ამიტომ საუბარია იმაზე, რა ალტერნატიული საშუალებები არსებობს, რომლითაც ფონდს ექნება გარკვეული შიდა თუ გარე შემოსავლები, რომლითაც დააფინანსებს იმ მიმართულებებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის“, - განაცხადა საგანელიძემ.

რაც შეეხება რეფორმის ვადებს, წლის პირველ ნახევარში, სავარაუდოდ, ახალი დებულება დამტკიცდება.

„მე ვფიქრობ, წლის პირველი ნახევარი უნდა იყოს მაქსიმალური ვადა, რათა მივიღოთ ახალი დებულება, ახალი სტრუქტურა. პირველი ეტაპი, რომელიც დავიწყეთ და კარგია ის, რომ გარკვეული სახელმწიფო ობიექტები, ენერგეტიკის მიმართულებით, რომელიც აქამდე ჩვენ შვილობილად ითვლება გადაეცემა უკან (მთავრობას), ეკონომიკის სამინისტროსთან და მთავრობასთან წერილების დონეზე დოკუმენტების გაცვლა მიდის. მეორე ეტაპზე იქნება სხვა სახელმწიფო საწარმოები, რომელიც ჩვენთან არის, დაფინანსების ნაწილში ჩვენ, ჯერჯერობით, მაქსიმალურად ვახერხებთ იმას, რომ ის პროექტები, სადაც ჩვენ თანხა გვაქვს დაბანდებული, უკან გამოვიტანოთ, გარკვეული მოგებით. ასევე იმ აქტივებს, რომელიც გაგვაჩნია, გამოვიტანთ და გავყიდით“, - განაცხადა საგანელიძემ.