მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოომბუდსმენი რუსთავის ბაღებში გაზის მოხმარების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

5daa0bc4bd139
BM.GE
18.10.19 22:54
946
ენერგოომბუდსმენი რუსთავის ბაღებში გაზის მოხმარების შეზღუდვის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ში განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საბავშვო ბაღები წარმოადგენს მოწყვლად მომხმარებელთა დაწესებულებას და ყოველგვარი გაფრთხილებისა და დასაბუთების გარეშე, მათთვის მომსახურების შეწყვეტა დაუშვებელია. 

"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ვიდეო მასალა, რომლის მიხედვით, ირკვევა, რომ კომპანია საქორგაზის წარმომადგენელი ცდილობდა რუსთავის ერთ-ერთ საჯარო ბაღში ბუნებრივი გაზის მოხმარების შეზღუდვას, რასაც ბაღის თანამშრომლები, მშობლები და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეეწინააღმდეგნენ. სიუჟეტის მიხედვით, კომპანიის თანამშრომელი განმარტავს, რომ ეს ქმედება გამოწვეულია ახალი რეგულაციების გამო.

აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ენერგოომბუდსმენი დაუყოვნებლივ მიმართავს საქორგაზს და მოითხოვს ახსნა-განმრატებას ოფიციალურად, თუმცა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დავაფიქსიროთ, რომ ბუნებრივი გაზისა და გაზის დანადგარების მოხმარების უსაფრთხოების შესახებ რაიმე სახის ახალი რეგულაციები არ შემუშავებულა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში და შესაბამისად რაიმე ქმედების გამართლება ცრუ ინფორმაციით ყოვლად მიუღებელია და მიანიშნებს კომპანიის ცუდ ტენდენციაზე, შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი და განაწყოს უარყოფითად მოსალოდნელი ცვლილელების მიმართ, რომელიც ამ მიმართულებით მუშავდება.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ უსაფრთხოების დაცვა და მისი უზრუნველყოფა ნამდვილად არის ლიცენზირებული კომპანიის პრეროგატივა და ის პრიორიტეტულად უნდა შეასრულოს და განახორცოელოს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ საკითხის მიმართ ხისტი მიდგომა დაუშვებელია და ყოველგვარი ქმედება ვერ იქნება გამართლებული უსაფრთხოების დაცვის მიზნებით.

საბავშვო ბაღები წარმოადგენს მოწყვლად მომხმარებელთა დაწესებულებას და ყოველგვარი გაფრთხილებისა და დასაბუთების გარეშე, მათთვის მომსახურების შეწყვეტა დაუშვებელია. არასწორად არის შერჩეული, აგრეთე დრო, ვინაიდან შემოდგომა არის სამუშაო სეზონი და ამ მონიტორინგის ჩატარება შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის გზით, შესაძლებელი იყო ზაფხულის პერიოდში.

ენერგოომბუდსმენი მოუწოდებს სს "საქორგაზს" და ყველა ლიცენზიატ კომპანიას, თავისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში არ დაუშვას მომხმარებელთა უფლებებისა და დადგენილი ნორმატიული აქტების დარღვევა, არ გაავრცელოს განგებ არასწორი ინფორმაცია, რაც შეცდომაში შეიყვანს და აგრესიულად განაწყობს მოქალაქეს, აღმოფხვრას ყველა აუცილებელი ხარვეზი, თუკი რაიმე სახის გადაცდომა არსებობს ამ დროისათვის, რათა საფრთხე არ შეექმნას მცირეწლოვანი აღსაზრდელების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს", - წერია ენერგოომბუდსმენის განცხადებაში.