მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენერგო–პრო ჯორჯია": რეგიონებში ელექტროენერგიის გადასახადის ამოღება გართულებულია

5dc14e39a7de9
დავით ჯალაღონია
06.11.19 11:30
3440
"ენერგო–პრო ჯორჯიას" საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის გადასახადის ამოღება უჭირს – ამის შესახებ კომპანიის იურიდიულმა მენეჯერმა ნიკოლოზ გილიგაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობდა.

"კანონპროექტის 108-ე მუხლი არის უნივერსალური მომსახურების შესახებ (უნივერსალური მომსახურების ცნება მოცემულია "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონის პროექტში, რაც მოსახლეობისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას გულისხმობს), სადაც გათვალისწინებულია უნივერსალური მომსახურებისთვის ტარიფი. ასეთი მოცემულობაა – კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელექტროენერგიის როგორც რეგულირებული, ისე საბაზრო ფასი ასახავდეს ხარჯებს, მათ შორის მიწოდების ფაქტობრივ ხარჯს, აუცილებელი ინვესტიციებისა და მათთან დაკავშირებული ამონაგების ჩათვლით, აგრეთვე, იმპორტისა და მიწოდების მომსახურების ხარჯებს.

კანონპროექტის პირველად ვერსიაში ასევე, უიმედო ვალი იყო ჩასმული, რომელიც განხილვების დროს ამოიღეს. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ იქნებ დავაბრუნოთ ეს უიმედო ვალი ტარიფში. რა თქმა უნდა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ. მზად ვართ, გავიაროთ პროცედურები და შემდეგ იყოს ეს ასახული ტარიფში. ეს იმით არის გათვალისწინებული, რომ სამწუხაროდ, ყველა რეგიონში, ალბათ მოგეხსენებათ, გართულებულია ელექტროენერგიის საფასურის ამოღება", – განაცხადა ნიკოლოზ გილიგაშვილმა.

პასუხად, ამავე სხდომაზე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა "ენერგო–პრო ჯორჯიას" ამ ინიციატივას ვერ გაითვალისწინებს, თუმცა განაცხადა, რომ რეგიონებში ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული პრობლემა მისთვის ცნობილია. ამ კუთხით მან სვანეთის რეგიონის მაგალითი დაასახელა.

"საუბარია სვანეთის რეგიონზე. პირველ ეტაპზე, ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან იმასთან დაკავშირებით, რომ ამოღება შესაძლებელი იყოს კომერციული ობიექტებიდან, სასტუმროებიდან, სახერხეებიდან, ხოლო შემდეგ უკვე ნაწილობრივ გადავალთ, რომ მოსახლეობიდან, საყოფაცხოვრებო ობიექტებიდანაც იქნება ამოღებული (ელექტროენერგიის საფასური). რაღაც ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით", – აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.

ცნობისთვის: სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალი ტემპით იზრდება, რის ერთ-ერთ მიზეზსაც მაცხოვრებელთა მიერ კრიპტოვალუტების მოპოვება წარმოადგენს. საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგიას სწორედ "ენერგო პრო ჯორჯია" აწვდის, მათ შორის არის სვანეთიც, თუმცა რეგიონში არსებული სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიამ წლების წინ მიიღო გადაწყვეტილება, არ გადაახდევინოს სვანეთის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მოხმარების საფასური, თუმცა იმის გამო, რომ რეგიონში უკანასკნელ პერიოდში ენერგომოხმარება მაღალი ტემპით გაიზარდა, "ენერგო პროს" სვანეთის ელექტრომომარაგება სულ უფრო ძვირი უჯდება. ამასთან, კომპანია კრიპტოვალუტების მზარდ გამომუშავებას პრობლემად აღიქვამს და მისი გადაჭრისთვის სპეციალური ზომების მიღებასაც გეგმავს.

"ენერგო პროს" ინფორმაციით, მათ 2019 წლის 9 თვეში, კომპანიამ სვანეთის რეგიონს უსასყიდლოდ 50 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მიაწოდა, რომლის ღირებულებაც 8 მილიონ ლარს შეადგენდა.