მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენგურის მოცულობის იმპორტს ვერცერთი ელექტროგადამცემი ხაზი ვერ გაუძლებს“ - მარიამ ჩახვაშვილი

60c773b7c2543
ელენე გოგბერაშვილი
14.06.21 21:22
2211
დღეს იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზისა და ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ ავარიულად გათიშვის გამო, ერთი საათის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა და ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის უმეტეს ნაწილს შეუწყდა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყანას დამატებითი გენერაციის ობიექტები არ აქვს და გადამცემი ქსელები ასევე შესაბამის სიმძლავრეებს საჭიროებს, მსგავსი შემთხვევებისგან ქვეყანა დაზღვეული არ არის.

„ზოგადად, იმერეთის ხაზი არის ჩვენი ქსელის ყველაზე სუსტი წერტილი. დიდი ხანია არის პროექტი, რომ იმერეთის ხაზის შემოვლითი გზა გაკეთდეს, რომ ყველაზე სუსტი წერტილი, რაც აქვს სისტემას მოგვარდეს. ეს წერტილი იმიტომაცაა სუსტი, რომ ძირითადად ენგურიდან გააქვს გენერაცია, რომლის მოხმარება ხდება აღმოსავლეთ საქართველოში. როცა ენგურიდან მოდის მთელი გენერაცია და არა იმერეთის ხაზის აქეთ, აღმოსავლეთში არსებული ობიექტებიდან, მაშინ ეს ხაზი იტვირთება. ზოგადად, რაც უფრო დივერსიფიცირებული გაქვს მიწოდება, მით უფრო ნაკლები გაქვს გათიშვის რისკები. მიწოდება უნდა გქონდეს დივერსიფიცირებული არამარტო წყაროების მიხედვით (ჰიდრო, ქარი, მზე), არამედ თვითონ სადგურებზე.

როცა ენგურჰესი არის ყველაზე მძლავრი სადგური და დაახლოებით 30% მასზე მოდის, ენგურჰესის გათიშვა უკვე პრობლემურია. თუ არ გაქვს ელექტროსადგურები, რომელიც ასევე სწრაფად აკრეფს სიმძლავრეს, იგივე რეზერვუარიანი, სწრაფი რეზერვის მქონე სადგურები, მაშინ ყოველთვის გექნება რისკი, რაღაც თუ მოხდა იმ სადგურზე, გაითიშო“ - აცხადებს Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი.

მისი თქმით, დღეს ქვეყანას იმპორტის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურული სიმძლავრეებიც არ გააჩნია.

„როცა იმპორტს აკეთებ სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც ერთი ან ორი გადამცემი ხაზით ხარ შეზღუდული. ის ხაზი რომ გაგეთიშოს, შენ მზად უნდა იყო იმისთვის, რომ იმ რაოდენობის იმპორტი ან გენერაცია დაახვედრო ადგილობრივად. ანუ რისკი იმისა, რომ გაგეთიშოს ყოველთვის არსებობს და მაგისთვის მზად უნდა იყო. თუ რუსეთიდან გავაკეთეთ იმპორტი, იქ საერთოდ ერთი ხაზი გვაქვს და ერთ ხაზზე დამოკიდებულები ვხდებით და მერე შიდა ქსელებიც საკმაოდ გადატვირთული ხდება. ისევ „იმერეთის“ ხაზზე მოდის რუსეთიდან იმპორტი, თუ მოუწია. ნებისმიერი სხვა ქვეყნიდანაც იგივე მდგომარეობაა. ხაზს თავისი ლიმიტი აქვს, ეს ლიმიტიც ისეთია, რომ თუ გაითიშა ხაზი, ამ დროს რას აკეთებ ყოველთვის უნდა იცოდე. ენგურის მოცულობაც რომ გადაიტანო იმპორტზე, იმპორტს ვერ გაუძლებს ვერცერთი ხაზი, გადაიტვირთება და გაითიშება“, -.აცხადებს ჩახვაშვილი.

ესკო-ს მონაცემებით, ადგილობრივი გამომუშავების კლების (19%) ფონზე ელექტროენერგიის იმპორტი 117%-ით გაიზარდა. მთლიანობაში წელს დენის იმპორტმა 1.69 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა, რაც მოხმარებული ელექტროენერგიის 37.5% იყო. თავის მხრივ იმპორტის დიდი ნაწილი - 924 მილიონი კილოვატ საათი აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის იმპორტს წარმოადგენდა და მასში საქართველოს ფული არ გადაუხდია.

ქვეყნების მიხედვით ელექტროენერგიის იმპორტი 2021 წლის 4 თვეში ასე ნაწილდება:

● რუსეთიდან - 1.037 მილიარდი კილოვატ საათი (მათ შორის აფხაზეთისთვის 924 მილიონი კილოვატ საათი);
● აზერბაიჯანიდან - 499 მილიონი კილოვატ საათი;
● თურქეთიდან - 161.2 მილიონი კილოვატ საათი.