მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ENKA-მ უნდა გაანალიზოს ამ გადაწყვეტილებით რამხელა დარტყმას აყენებს სახელმწიფოს“ - იორდანიშვილი

614c2efe88f85
ვიქტორია მღებრიშვილი
23.09.21 12:00
2433
კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი ENKA-ს მიერ სახელმწიფოსთან „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების შეფასებისას ამბობს, რომ ინვესტორ კომპანიას ასეთი „ხისტი“ გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.

BM.GE-სთან საუბარში ის აღნიშნავს, რომ საზოგადოებას დარჩება შთაბეჭდილება, რომ ENKA-მ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით არსებული მძიმე მდგომარეობით ისარგებლა და ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა იორდანიშვილი ამბობს იმასაც, რომ ინვესტორის ამ გადაწყვეტილებას თავისი ლოგიკა აქვს.

„არ ვამართლებ თურქულ კომპანიასაც. მესმის მათი და მათ მხარესაც არის ლოგიკა, თუმცა ასე ხისტად არ უნდა გაეწყვიტათ ხელშეკრულება. ახლა ვფიქრობ, რომ კომპანიამ ეს მდგომარეობა გადაწყვეტილების მისაღებად გამოიყენა. ისინი ქართველი ინვესტორები არ არიან, თუმცა ძალიან ბევრი რამის ატანა მოუწიათ იქიდან გამომდინარე, რომ მეზობელი ქვეყნები ვართ, ერთმანეთზე დამოკიდებული ორი სახელწმიფო ვართ. მათ უნდა გააანალიზოს რამხელა დარტყმა მიაყენებს სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილებით“, - აცხადებს ლაშა იორდანიშვილი.

კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი იმედოვნებს, რომ კომპანია გადახედავს თავის გადაწყვეტილებას, ხოლო თავის მხრივ ქართული მხარე ინვესტორს შესაბამის „მყისიერ გადაწყვეტებს“ შესთავაზებს.

„როგორც მოქალაქეს დიდი იმედი მაქვს, რომ კომპანია შეცვლის ამ გადაწყვეტილებას და ჩვენ - საქართველოს მოსახლეობა არ ვიტყვით იმას, რომ თურქულმა მხარემ ისარგებლა ამ სიტუაციით, გამოიყენა ჩვენი „პატრიოტი ადამიანების“ ქმედება თავის სასარგებლოდ და არბიტრაჟს გამოატანინა ეს გადაწყვეტილება.

ყველა უნდა მოეგოს გონს, რომ ისე არ გადავაყოლოთ ნაბან წყალს ბავშვი, რომ ძალიან დიდი დარტყმა მიიღოს არამხოლოდ ენერგეტიკამ, არამედ ეკონომიკამ.

სახელმწიფოს მხრიდან მყისიერი პასუხი უნდა იყოს, რომ ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ყველა ერთად დაჯდეს და სასწრაფოდ ერთიანი გადაწყვეტილება მიიღონ. მთავრობამ მყისიერად უნდა თქვას - რა ვალდებულებას იღებს და როგორ დაეხმარება კომპანიას; კომპანიამ უნდა თქვას, რაში დაუდგება სახელმწიფოს გვერდით და რას გაითვალისწინებს, მისი კეთილი ნებით, პროექტის გადასარჩენად... და მოსახლეობამაც უნდა თქვას, რომ ის მოთხოვნები, რომელიც არგუმენტაციას და ლოგიკას მოკლებული იყო, რომ აღარ არის“, - მიიჩნევს ლაშა იორდანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეკონომიკის სამინისტრომ BM.GE-ის მიერ ინვესტორ კომპანია ENKA-ს მიერ საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გავრცელების საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპანიამ სახელმწიფოს ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ წინასწარ აცნობა.