23.სექტემბერი .2021 18:12

ეს არაა მხოლოდ „ნამახვანჰესის“ აშენება-არაშენების საკითხი, შედეგები იქნება გაცილებით მძიმე - იორდანიშვილი

ეს არაა მხოლოდ „ნამახვანჰესის“ აშენება-არაშენების საკითხი, შედეგები იქნება გაცილებით მძიმე - იორდანიშვილი
views 1730
უკან

“ENKA-ს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში წარმოუდგენლად მაღალი მოთხოვნება ექნება წაყენებული... თითოეულ დოლარს მოსახლეობის ჯიბიდან გადავიხდით“ - ასე აფასებს „ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორი კომპანიის მიერ სახელმწიფოსთან ხელშეკრულების მოშლის გადაწყვეტილების შედეგებს კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი BM.GE-სთან საუბრისას.

ის ENKA-ს გადაწყვეტილებას საქართველოს ეკონომიკისთვის „დამანგრეველს“ უწოდებს და ამბობს, რომ ყველა მხარე გონს უნდა მოეგოს და საკითხი დროულად უნდა მოგვარდეს.

„თავად ფაქტი შემიძლია შევაფასო როგორც დამანგრეველი დარტყმის მომხდენი ჩვენი ქვეყნისთვის. აქ აღარ არის საუბარი ენერგეტიკულ კლიმატზე - აშენდება, არ აშენდება... ჯამში, როდესაც ასეთი კომპანია საპროექტო არეალს ტოვებს, საინვესტიციო კლიმატზე უდიდესი დარტყმა ხდება, ეს მხოლოდ დაკარგული 800 მილიონიანი ინვესტიცია არ არის, მათ ექნებათ წარმოუდგენლად მაღალი მოთხოვნა არბიტრაჟში დაყენებული და ეს თითოეული დოლარი მოსახლეობის ჯიბიდან იქნება ამოღებული. ეს იქნება დარტყმა ეკონომიკაზე და ამას ჩვენმა „პატრიოტებმა“ შეუწყვეს ხელი.

როგორც მოქალაქეს დიდი იმედი მაქვს, რომ კომპანია შეცვლის ამ გადაწყვეტილებას და ჩვენ საქართველოს მოსახლეობა არ ვიტყვით იმას, რომ თურქულმა მხარემ ისარგებლა ამ სიტუაციით, გამოიყენა ჩვენი „პატრიოტი ადამიანების“ ქმედება თავის სასარგებლოდ და არბიტრაჟს გამოატანინა ეს გადაწყვეტილება.

ყველა უნდა მოეგოს გონს, რომ ისე არ გადავაყოლოთ ნაბან წყალს ბავშვი, რომ ძალიან დიდი დარტყმა მიიღოს არამხოლოდ ენერგეტიკამ, არამედ ეკონომიკამაც. თურქები თავის პოზიციას ჯამში გადახედავენ ალბათ და სახელმწიფომაც, დარწმუნებული ვარ, კონტრაქტის და პროექტის გადასარჩენად ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა ჩადოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული სადგურის აშენება-არაშენების საკითხი, აქ გაცილებით სხვა პრობლემები დადგება და შედეგები გაცილებით მძიმე იქნება. პირდაპირ ფისკალური დარტყმა იქნება ჩვენს ქვეყანაზე. ენკა არ წავა ისე, რომ ამაში შესაბამისი ანაზღაურება არ მოითხოვოს“, - ამბობს იორდანიშვილი.

ის თვლის, რომ მდგომარების გამოსწორების დრო ჯერ კიდევ არის, თუმცა სახელმწიფომ მყისიერი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი პროცესში მონაწილე სხვა მხარეების აქტიურობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

„მყისიერი პასუხი უნდა იყოს ის, რომ ვინც ჩართული იყო ამ პროცესში ყველა ერთად დაჯდეს და ერთიანი გადაწყვეტილება მიიღონ სასწრაფოდ. მთავრობამ მყისიერად უნდა თქვას, რა ვალდებულებას იღებს და როგორ დაეხმარება კომპანიას; კომპანიამ უნდა თქვას, რაში დაუდგება სახელმწიფოს გვერდით და რას გაითვალისწინებს მისი კეთილი ნებით პროექტის გადასარჩენად; მოსახლეობამაც უნდა თქვას, რომ ის მოთხოვნები, რომელიც არგუმენტაციას და ლოგიკას მოკლებული იყო, აღარ აქვთ“, - განმარტა ლაშა იორდანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა